პრესრელიზები

ISFED-მა ,,საქპატენტის“ გათავისუფლებული თავმჯდომარის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED) იურიდიულ დახმარებას უწევს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს და მათი უფლებების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა მექანიზმებს მიმართავს. ,,საქპატენტის“ ყოფილი თავმჯდომარის, მინდია დავითაძის გათავისუფლების საქმეში იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ელემენტები. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სასამართლოს განმარტებებს განსაკუთრებული როლი აქვს უკანონოდ გათავისუფლებული პირების შრომითი უფლებების დაცვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, ასევე, სამართლის განვითარებასა და ნორმის განმარტების სტანდარტის დადგენაში. ამის გათვალისწინებით, ISFED-მა გადაწყვიტა, წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ამ საქმის განმხილველი თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის. მოსაზრებაში განხილულია ის ძირითადი ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტები, რაც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიერ საკითხის სამართლიანად და სათანადო სტანდარტების დაცვით გადაწყვეტას.

9 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ,,საქპატენტის“ თავმჯდომარე, მინდია დავითაძე. დავითაძის განცხადებით, მისი გათავისუფლების მიზეზი, იყო ის, რომ თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დანიშნა, რის გამოც ის მისი გუნდის წევრად მოიაზრებოდა. გათავისუფლების გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს კანონიერების და დასაბუთებულობის სტანდარტებს.

მინდია დავითაძემ გათავისუფლების ბრძანება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მოკლებულია სათანადო სამართლებრივ დასაბუთებას. გადაწყვეტილებაში არასათანადოდაა შეფასებული ან არ არის დადგენილი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქმეზე სწორი და სამართლიანი დასკვნის გამოტანის წინაპირობა იქნებოდა. ამასთან, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში “Ultima Ratio“ პრინციპის გამოყენებასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპებთან. ყოველივე ამის გამო, სასამართლომ ვერ დაინახა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიზანმიმართული ღონისძიებები მინდია დავითაძის წინააღმდეგ. ფაქტების სწორად შესწავლისა და ერთობლიობაში შეფასების შემთხვევაში, სასამართლო დაადგენდა სხვაგვარ გარემოებებს, რაც სხვაგვარი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.