პრესრელიზები

ISFED-მა სოციალური მედიის მონიტორინგის მე-3 შუალედური ანგარიში წარმოადგინა

9 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედური ანგარიშიწარმოადგინა. მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 11 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლითპერიოდს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაახლოებით 740-მდე „ფეისბუქ“ გვერდი და 5,766 პოსტი გააანალიზა. ISFED-ის დაკვირვებით, აქტიური იყო:

  • ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 56 გვერდი;
  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 8 გვერდი;
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 22 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი;
  • „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი 10 გვერდი.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 333 „ფეისბუქ“ გვერდსა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების 223 გვერდს.

ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებაში 56 გვერდი იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრიდან მკვეთრად შემცირებულია მსგავსი გვერდების რაოდენობა, ვინაიდან „ფეისბუქმა“ წაშალა იმ გვერდების, პირადი ანგარიშებისა და ჯგუფების ნაწილი, რომლებიც, მათი ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩართულნი იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში. წაშლილ გვერდებს შორის მოხვდა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი „ალტ-ინფოს“ გვერდების არაავთენტური ქსელიც. პროპაგანდისტულ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა აშშ-ის  პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კამპანია. ამავდროულად, გრძელდებოდა დასავლეთისა და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებაც.

პროპაგანდისტული გვერდები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ და საწინააღმდეგო კამპანიასაც ეწეოდნენ.ძირითადი მხარდაჭერა პარტია „ქართული იდეის“ სასარგებლოდ გამოქვეყნდა, რასაც პარტია „ქართული ფესვებისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლო გზავნილები მოჰყვებოდა. პარტიების შესახებ ნეგატიური პოსტების უმრავლესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართებოდა. პარალელურად, პოსტების  ნაწილში გამოიხატებოდა უარყოფითი განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელსაც ძირითადად „ენმ“-სთან კოჰაბიტაციისა და ლიბერალური მიდგომების გამო აკრიტიკებენ.

გვერდების ნაწილი უარყოფითად აფასებს საქართველოში მოქმედ კრიტიკულ მედიასაშუალებებს. შესწავლილ პერიოდში, დისკრედიტაციის სამიზნეებს „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და გამოცემა „on.ge“ წარმოადგენდნენ.

„ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წინააღმდეგ 30 გვერდი მოქმედებდა. ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე სულ 1,040 პოსტი გამოქვეყნდა. შესწავლილ პერიოდში, ყველაზე მაღალი ინტერაქციით გამოირჩეოდა პოსტები, რომლებიც 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტს ეხმიანებოდა. პოსტებში სარკასტულადააგამოხატული ძარცვის წარმატება და ხაზგასმულია შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების არაეფექტურობა, რასაც პოსტების ავტორები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირებენ. 

ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, 37 გვერდი მოქმედებდა. აღნიშნულ გვერდებზე სულ 1,197 პოსტი გამოქვეყნდა. გამოქვეყნებულ პოსტებს შორის ყველაზე მეტი - 633 პოსტი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საარჩევნო ბლოკის წინააღმდეგ იყო მიმართული. 172 პოსტი განთავსდა „ევროპული საქართველოს“, 62 -„სტრატეგია აღმაშენებლის“, 60 კი „ლელოს“ წინააღმდეგ. 166 პოსტი გამოხატავდა პოზიტიურ შინაარსს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. 

ანტიოპოზიციურ გვერდებზე გავრცელებულ გზავნილებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დავით გარეჯის თემით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციასა და ოპოზიციის დესტაბილიზაციის გეგმის წარმოჩენას ეკავა. ვრცელდებოდა პეტიცია ენმ-ის აკრძალვის მოთხოვნითაც. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო ვახტანგ კიკაბიძის მიერ თბილისში თავისუფლების მოედანზე ნაწილობრივ რუსულ ენაზე შესრულებული სიმღერაც.

მონიტორინგის პერიოდში „ფეისბუქზე“ 8 ცრუ მედიის გვერდი მოქმედებდა. ეს გვერდები თავს ლეგიტიმურ საინფორმაციო წყაროდ წარმოაჩენენ და შენიღბულად ეწევიან მმართველი პარტიის სასარგებლო პროპაგანდას. პოსტების უმრავლესობა პროსახელისუფლებო განწყობასა და ანტიოპოზიციურ გზავნილებს შეიცავს.

„ფეისბუქზე“ ოპოზიციური პარტიების 22 მხარდამჭერი გვერდი მოქმედებდა. შესწავლილ პერიოდში ამ გვერდებზე სულ 663 პოსტი გამოქვეყნდა. ყველაზე მეტი, 14 მხარდამჭერი გვერდი,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებს. მაღალი ინტერაქციის მქონე გვერდებს შორისაა პარტია „ქართული იდეის“ მხარდამჭერი გვერდებიც.

ხელისუფლების სასარგებლოდ ფეისბუქზე 17 გვერდი მოქმედებდა. შესწავლილ პერიოდში გვერდებზე სულ 1,074 პოსტი გამოქვეყნდა. დასპონსორებული პოსტების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს დადებითად წარმოჩენას ემსახურება, ნაწილი კი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვერდებზე აქტიურად ქვეყნდებოდა ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე საპოლიციო ძალების მხარდამჭერი პოსტები.

არჩევნების დღეს ანონიმური გვერდები დინამიურ კამპანიას აწარმოებდნენ. მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდების მთავარი მიზანი იყო სასურველი პარტიის გამარჯვების ილუზიის შექმნა, ხოლო მმართველი პარტიის მხარდამჭერ გვერდებზე არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების შესახებ განწყობის შექმნა. 

საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მეტი პოსტი განთავსდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საარჩევნო ბლოკის, „ლელოს“, „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გვერდებზე. რაც შეეხება მომხმარებელთა ინტერაქციას, „ქართული ოცნების“ გვერდებზე გაზიარებების, კომენტარებისა და რეაქციების ჯამურმა რაოდენობამ 570 ათასს, „ენმ - ძალა ერთობაშია“-ს გვერდებზე კი 515 ათასს გადააჭარბა.

მონიტორინგის ფარგლებში, საარჩევნო კანდიდატების გვერდებზე 8,600 პოსტი გამოქვეყნდა, ინტერაქციის რაოდენობამ კი 3,099,655 შეადგინა. ყველაზე მეტი პოსტი გიორგი ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნდა. ინტერაქციის რაოდენობით კი პირველ ადგილს გიორგი გახარიას გვერდი იკავებს. მას ამავე მაჩვენებლით გიორგი ვაშაძის გვერდი მოჰყვება.

„ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა და პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა „ფეისბუქისა“ და ინსტაგრამის“ პლატფორმებზე 5,172 ოფიციალური რეკლამა განათავსეს და 439,240 აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. ყველაზე მეტი რეკლამა სხვადასხვა ოფიციალურ გვერდზე „ქართულმა ოცნებამ“ განათავსა, ყველაზე მეტი თანხა კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა.

საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური რეკლამები განთავსდა არაოფიციალურ, მათ შორის ანონიმურ გვერდებზეც. ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განათავსა ორგანიზაციამ - „დავასრულოთ“. 11-31 ოქტომბრის პერიოდში ორგანიზაციის მიერ ღიად მართულ ოთხ გვერდზე 122 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, რომლებიც ძირითადად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას:

  • პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების სოციალური მედიის ოფიციალური გვერდების მონიტორინგს, ცალკეული საჯარო მოხელეების სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში აქტივობის მონიტორინგს;
  • პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების/ჯგუფების/აქტორების მონიტორინგს, მათ შორის - პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიების, ანონიმური და ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედიის მონიტორინგს;
  • ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი გვერდების/ჯგუფების მონიტორინგს.

 

დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე. 

 

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის ფარგლებში. სოციალური მედიის მონიტორინგის მხარდამჭერია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (IFA) მეშვეობით. მონიტორინგის საწყის ეტაპზე მონაცემთა შეგროვება მხარდაჭერილი იყო ასევე საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ ასახავდეს OSGF- ის, EWMI-ს, IFA-ს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.