პრესრელიზები

ამომრჩეველთა მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები ISFED-ის II ანგარიშში

23 აგვისტოს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს. 

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.
ვრცლად წაიკითხეთ ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა. მათ შორის ერთ-ერთი არის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა. ხოლო სამართალდამრღვევებს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, რაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტურ და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება, მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები აქტიურად ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ 9 აგვისტოდან იკრძალება, მანამდე განხორციელებული ცვლილებებით ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება  ძირითადად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. ეს ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილებისა და სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების 7 ფაქტი დაფიქსირდა. 

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის ანგარიშის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცესკოს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიან დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.