არჩევნების დღის შეფასება და ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2019 წლის 9 ივნისის პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგი 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით განახორციელა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები წარმოდგენილი იყვნენ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდნენ, რამაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობა განაპირობა.
ძირითადი მიგნებები
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. კენჭისყრის პროცესის დროს ტენდენციის სახით გამოვლინდა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რაც ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
რიგ საარჩევნო უბნებზე, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ცალკეული დარღვევები. „სამარლიანმა არჩევნებმა“ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადინა თითო საჩივარი.
ხმების პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა. არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, მარკირების პროცედურის ან ბიულეტენების დამოწმების წესის დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა.
ხმების პარალელური დათვლის შედეგად, ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა.
არჩევნების დღის საბოლოო შედეგები
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში.
#41 ვლადიმერ კახაძე - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 61.8%
#13 შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 38.2%
დარღვევები
- #18 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.
- #10 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.
- #26 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და „საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოყვა დამკვირვებლის მიერ ვიდეო გადაღებისთვის გამოყოფილი ადგილის მიღმა გადაღებას. შედეგად, უბანზე გამოიძახეს პოლიცია და სიტუაცია განიმუხტა.
- #1 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირები მოსულ ამომრცევლებს აღრიცხავდნენ. ასევე, უბნის გარეთ მობილიზებული იყვნენ სხვადასხვა პირები, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს შვეიცარიის მთავრობის შეხედულებებს.