არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წარმოგიდგენთ არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიშს, რომელიც მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.
2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა:
• 50-მა გამგებელმა, მათგან 48-მ პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა საკრებულოს გადაწყვეტილებით;
• 25-მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის, 21-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ოთხმა საკრებულოს გადაწყვეტილებით.
გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 15 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, უმეტეს შემთხვევაში კი ისინი საკრებულომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
გამგებლების ცვლილებების პარალელურად, საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე:
• გათავისუფლებულია 1877 თანამშრომელი;
• 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და
26 საკრებულოში განხორციელდა;
• 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 425 რწმუნებული;
• გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო, სადაც ძირითადად შეიცვალა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები.
გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევებში ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით ძირითადად, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ.
საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოიკვეთა საგამოძიებო სამსახურების დაინტერესება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობით. რამდენიმე შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაკითხულ იქნენ თანამდებობის პირები. ანგარიშში წარმოდგენილია სამართლებრივი დევნის 11 შემთხვევა, რა დროსაც სამართალდამცავები დაინტერესდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა და მოხელეთა საქმიანობით, რაც ძირითადად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდს ეხება. გამოძიება ძირითადად საბიუჯეტო რესურსების უკანონო გამოყენების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
„სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, არ მომხდარა მკაფიო ნაბიჯების გადადგმა თვითმმართევლობებში განვითარებული ტენდენციის შეჩერების კუთხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოეწყოს დისკუსია ხელისუფლების, ოპოზიციის და ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, თვითმმართველობაში შექმნილი სიტუაციის აღკვეთის გზებსა და უფლებადარღვეული მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილების კუთხით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე.