პრესრელიზები

ძალადობრივი ხასიათის ქმედებები წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე ანგარიშში - პრესრელიზი

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ანგარიშს. წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2013 წლის 20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია შედარებით გააქტიურდა, თუმცა, ამასთანავე, დაფიქსირდა ძალადობრივი ხასიათის ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მიმდინარეობისას. ორგანიზაციამ გამოავლინა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცალკეული შემთხვევები, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციის გაწევის ერთი და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის ხელის შეშლის 2 შემთხვევა.

ამჟამად მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატების და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი ყველაზე პრობლემატურია.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გამოტანა: 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მიმდინარეობისას გამოვლინდა ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ორგანიზებული იყო ყოფილი პოლიტპატიმრებისა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიმართ რადიკალურად განწყობილი საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ. მიუხედავად აგრესიისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო პრაიმერის მონაწილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

 საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას:
  1. არჩევნების დანიშვნის შემდგომ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონ 555 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყო. მიგვაჩნია, რომ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვითა არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა. 
  2. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა მოხდა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესის გამკაცრების ფონზე, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძებებზე იკრძალება აგიტაცია, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ სახელმწიფო ღონისძიებებზე დასწრება ეწინააღმდეგება გაცხადებულ პოლიტიკურ ნებას მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნასთან სახელმწიფო და პარტიულ საქმიანობას შორის მკაფიო ზღვარის არსებობის შესახებ;

 გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ - „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების“ აგიტაცია გასწია. ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბიდან მიაწოდა და  გაწეული დახმარებისათვის პარტიას მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო;

 „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის განცხადების მიღებაზე უარის თქმით კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა; მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა  ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში.

 საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალისტური და სადამკვირვებლო საქმიანობისათვის ხელის შეშლის  შემთხვევები. კერძოდ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მისი მხარდამჭერები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა  და „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელზე - ირმა კიტრიაშვილზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენენ. ორგანიზაციის ქობულეთის ოლქის გძელვადიან დამკვირვებელს ხელი შეუშალეს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში;

  „სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის პირველ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ფონდი „ქართუს“ მიერ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“-ს დაფინანსება ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხეს შეიცავდა. აღნიშნული მიზნით, ორგანიზაციამ დაიწყო ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფინანსებისა და პროგრამების შესწავლა, თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიუხედავად, მეურნეობის სამინისტრომ არ გაასაჯაროვა  „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ დაფინანსების წყარო და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია.


სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, „სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს: 

ხელისუფლებას - მომავალშიც ერთმნიშვნელოვნად დაგმოს და გაემიჯნოს ძალადობის თითოეულ ფაქტს, რომელიც მიმართული იქნება პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლისკენ;  

სამართალდამცავ ორგანოებს  - გასწიონ მაქსიმალური ძალისხმევა ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოიყენონ ადეკვატური სანქციები;

პოლიტიკური პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს - უზრუნველყონ  ოპონენტის მიმართ აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დისტანცირებია სხვა პარტიის თუ კანდიდატის მიერ გამართული შეხვედრებისაგან;
მკაფოდ მოიწოდონ თავიანთ წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენების მიმართ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან.

პრეზიდენტობის კანდიდატებს  -  გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე კანდიდატებმა, განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა, თავი შეიკავონ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან;

ცესკოს და ცესკოს თავმჯდომარეს - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა რეგისტრაციის საკითხის განხილვის დროს მოახდინოს კანონის იმდაგვარი განმარტება, რომელიც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის 29-ე, 70-ე და 1044-ე მუხლებთან და რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანაბარი შესაძლებლობების რეალიზებას,  დარეგისტრირიდნენ კანდიდატებად; 
მოხდეს მსჯელობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების გადახედვაზე;

საქველმოქმედო ორგანიზაციებს - თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რაც იწვევს საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებთან მათი საქმიანობის ასოცირებას;

სახელმწიფო უწყებებს - იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. 


ანგარიში სრულად იხილეთ აქ.


ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.