პრესრელიზები

გახშირებული ზეწოლის ფაქტები ადგილობრივი არჩევნების წინ „სამართლიანი არჩევნების“ მესამე შუალედურ ანგარიშში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, რომლის დროსაც წინასაარჩევნო კამპანია შესამჩნევად დინამიური გახდა - „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 379 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. 

კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, გახშირდა კანონმდებლობის დარღვევის ისეთი ფაქტები, რომელიც საფრთხეს უქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ზეწოლა/მუქარის 23; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1; ძალადობის 2; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 3; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6; შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების 1; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 6; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. ასევე საყურადღებოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 ფაქტი. 

კამპანიის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, დრამატულად მოიმატა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა თუ დაშინების შემთხვევებმა. 6 ოლქში, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, სარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურები მოიხსნეს, ხოლო 2 შემთხვევაში კანდიდატები საუბრობენ მათ მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით განხორციელებულ მუქარაზე. ანგარიშში დოკუმენტირებულ რამდენიმე შემთხვევაში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საქმიანობას სთხოვენ. სხვა შემთხვევებში კი ზეწოლის ფაქტები, ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისა თუ დამოუკიდებელი კანდიდატების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ ფიქსირდება. ზეწოლა-მუქარის ზოგიერთ ფაქტში ასევე იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. განსაკუთრებით საყურადღებოა ზეწოლისა და მუქარის ფაქტები დმანისსა და ასპინძაში, სადაც მოქმედი გამგებლები სახელისუფლებლო პარტიის მხარდაჭერით აღარ სარგებლობენ და კონკურენციას უწევენ „ქართული ოცნების“ მიერ ნომინირებულ კანდიდატებს. 

რამდენიმე მიმართულებით ხარვეზები გამოვლინდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში. განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების კონკრეტული ფაქტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება. წარდგენილი საჩივრების განხილვის პროცესში შესამჩნევი ტენდენციის სახე მიიღო წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტების იგნორირებამ. ცესკომ ადეკვატურად ვერ შეაფასა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში უკანონოდ აგიტაციისთვის სოციალური ქსელების გამოყენების მზარდი ტენდენცია. საარჩევნო ადმინისტრაციის ასეთი პოზიცია ირიბად ახალისებს კანონმდებლობის დარღვევას და ხელს უწყობს მსგავსი შემთხვევების უფრო მასშტაბურ გავრცელებას. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი გადაწყვეტილებებით დაამკვიდროს ისეთი პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას. 

სოციალური მედია წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციის, კანდიდატების რეკლამირების, თუ ამომრჩეველზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას. კვლავ გრძელდება და შესამჩნევად გააქტიურებულია დეზინფორმაციის კამპანია „ფეისბუქში“ სხვადასხვა გვერდებზე დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით. ამჟამად, მსგავსი კამპანია წარმოებს თბილისის მერობის თითქმის ყველა კანდიდატის წინააღმდეგ, თუმცა, მათ შორის გამოკვეთილად იდენტიფიცირებადია დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია. სოციალურ ქსელებში საარჩევნო კამპანიისთვის სავარაუდო უკანონო შემოწირულობის ფაქტებზე რეაგირებისათვის, აუცილებელია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროაქტიულად და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავოს შესაბამისი მონიტორინგის მეთოდოლოგია. 

საანგარიშო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა ძალადობის და სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების შეხვედრების ხელის შეშლის ერთეული ფაქტები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრის მხრიდან ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ხაშურში, რაც ასევე წარმოადგენს აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობას. საყურადღებოა ნინოწმინდის ოლქში გამოვლენილი მმართველი პარტიის კანდიდატის სააგიტაციო მასალის დაზიანების ტენდენცია, რასაც პარტიის მიერ ნინოწმინდის მერის პოსტზე ქალი კანდიდატის წარდგენას უკავშირებენ. 

ვრცლად მესამე შუალედურ ანგარიშში გამოვლენილი ტენდენციებისა და წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ წაიკითხეთ „სამართლიანი არჩევნების“ ვებ-გვერდზე: www.isfed.ge

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.