პრესრელიზები

განმეორებითი არჩევნების დღის საბოლოო შეფასება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგი ცხრა საარჩევნო ოლქში განახორციელა 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით. 

2014 წლის 29 ივნისს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად და ორგანიზებულად. მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს  არაუფლებამოსილები პირების ყოფნის სამი ფაქტი  ახალქალაქის #1 და ქობულეთის #34 საარჩევნო უბნებზე. ასევე - მცირე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.  

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა  საოლქო საარჩევნო კომისიებში  2  საჩივარი წარადგინეს,  3 შენიშვნა გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში.  

არჩევნების დღეს, საარჩევნო ვებპორტალზე - www.electionsportal.ge, სადაც აისახებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ატვირთა 4 ინციდენტი.


 „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.