პრესრელიზები

განცხადება 15:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევების შესახებ

ფოტო: radiotavisupleba.ge

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; ხმის რამდენჯერმე მიცემის 1; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი.

 

ამ დროისთვის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი დარღვევები:

 

#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან მობილიზებული, რომელთაგან ერთ-ერთმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა. დამკვირვებლის დანახვის შემდეგ კოორდინატორები დაიშლნენ. 

#27 მცხეთი საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორებმა აგრესია გამოამჟღავნეს “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის გარე პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. 

#10 გლდანის საარჩევნო ოლქის 39-ე საჯარო სკოლასთან, სადაც #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებია განთავსებული, უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოხატა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. იმავე ადგილას, სხვა მამაკაცმა აგრესიული იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ, რომელიც გადაღებას აწარმოებდა. აღნიშნულმა პირებმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. „კარუსელი“). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფანარი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია.

#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #21 და #35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან #35 საარჩევნო უბნაზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების  დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია.

#79 ბათუმის საარჩვნო ოლქის #07, #11, #17, #21, #22, #54, #58, #66, 68, #69 და #104 საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #87 და #21 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, რომლებიც ასევე აკრედიტაციის გარეშე შეუფერხებლად გადაადგილდებიან #21 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც.

#17 თელავის საარჩევნო ოლქის #52, #14, #15, #48, #23, #8, #28, #11, #13 და #17 საარჩევნო უბნებზე, #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე; #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #04 და #29  საარჩევნო უბნებზე; #56 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #01, #08 და #31 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #15 და #90 საარჩევნო უბნებზე;  #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #10, #18 და #48 საარჩევნო უბნებზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #09, #10, #12, #4, #26, #27 და #23 საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1, #2, #3 და #4 საარჩევნო უბნებზე; #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის  საარჩევნო ოლქის #31, #35, #36, #42, #44, #45 და #46 საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.