პრესრელიზები

ISFED 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

10 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა, და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. 

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, გადაიდგას ქმედითი და დროული ნაბიჯები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, რაც მომავალში უფრო სამართლიანს გახდის პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნების შესაბამისად. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით შეიმუშავებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შესაბამის ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.

„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რეფორმა. საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციურ და მიუკერძოებელ ორგანოდ ჩამოსაყალიბებლად უნდა გადაიხედოს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს წევრების პროფესიული ნიშნით შერჩევას, რისი მიღწევის გზაც შესაძლოა იყოს კომისიის წევრთა რაოდენობის შემცირება და ყველა დონის კომისიის წევრისთვის საარჩევნო სერთიფიკატის ქონის სავალდებულო მოთხოვნა. არჩევნების შედეგად გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საუბნო კომისიის წევრების მომზადებას, განსაკუთრებით, შემაჯამებელი ოქმების შედგენის კუთხით.

აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. უნდა გადაიხედოს და დაზუსტდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების შესახებ არსებული ნორმები, რამაც გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საჭიროა, დაზუსტდეს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები, რაც გამორიცხავს მომავალში საარჩევნო კომისიების მიერ აღნიშნული ნორმების არასწორად გამოყენებას და საჩივრების განხილვის გარეშე დატოვებას. კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება და მოსყიდვის ფაქტებზე კომპეტენტური ორგანოების მიერ რეაგირების ეფექტური მექანიზმები. ასევე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის რეგულაციები, მათ შორის დარეგულირდეს საჯარო მოხელეების მიერ სოციალური ქსელების საშუალებით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აგიტაცია; დაზუსტდეს საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ აგიტაციაში მონაწილეობის მარეგულირებელი ნორმა, ვინაიდან როგორც პრაქტიკამ აჩვენა კანონის არსებული ფორმულირება არასაკმარისი და არაეფექტურია. ადმინისტრაციული რესურსის პარტიის სასარგებლოდ გამოყენების გამორიცხვის მიზნით, უნდა დავიწროვდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწალეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კანონმდებლობით უნდა დაწესდეს დროებითი სავალდებულო გენდერული კვოტირება პარტიული სიებისთვის. 

ანგარიში წარმოადგენს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. „სამართლიანი არჩევნები“  დააკვირდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს 8 ოქტომბერს, განმეორებით კენჭისყრას 22 ოქტომბერს და არჩევნების მეორე ტურს 30 ოქტომბერს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით.  „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 1000-ზე მეტი დამკვირვებელი იყო ჩართული. 

ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ „სამართლიანი არჩევნების“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.isfed.ge