პრესრელიზები

ISFED-ის მიმართვა საკონსტიტუციო კომისიას

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საკონსტიტუციო კომისიას  საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებთან და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, მიგვაჩნია, რომ, საარჩევნო რეფორმის პრიორიტეტს საარჩევნო სისტემაზე შეცვლა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს კრიტიკის საგანს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინაიდან, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი. ასევე, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციაა საარჩევნო სისტემების გადახედვა, ორივე საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, რათა დაცულ იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი.
იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის კუთხით მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს , რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. 

გვსურს მივმართოთ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას,  დაიწყონ მსჯელობა სისტემური საარჩევნო ცვლილებების განხორციელების თაობაზე. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დონეზე დაიწყოს საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ისეთი საარჩევნო სისტემის შემოღება, რომელიც გადაჭრის მოქმედი სისტემით არსებულ პრობლემებს, კერძოდ, უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას, მინიმუმამდე შეამცირებს ამომრჩეველთა დაკარგული ხმების ოდენობას, ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წახალისებას, გაზრდის ამომრჩეველთა ნდობას და უზრუნველყოფს მცირე პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.