პრესრელიზები

ISFED-ის სარჩელი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც ,,სამართლიან არჩევნებს” შეეზღუდა თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის მონიტორინგის უფლებამოსილება.

,,სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგს საქართველოს ყველა თვითმმართველ თემსა და ქალაქში. მონიტორინგი მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულების დაკვირვებას, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შემდგომ თვითმმართველობებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებების, თანამშრომელთა გათავისუფლებისა და  აყვანის, მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის მიმდინარეობის კანონიერების შეფასებას. ამ მიზნით ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე 73 დამკვირვებლის მეშვეობით 52 მუნიციპალიტეტსა და 6 თვითმმართველ ქალაქში კონკურსის/ატესტაციის გასაუბრების პროცესის მონიტორინგი განახორციელეს. 14  თვითმმართველ ორგანოში ორგანიზაციის  ნაწილობრივ ან სრულად  შეეზღუდა გასაუბრების  პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა  და გამოიკვეთა არაერთგვარი პრაქტიკა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ,,სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის საფუძველზე მნიშვნელოვანი გადაწყევტილება მიიღო და განმარტა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის საჯაროობის საკითხი. სარჩელის შეტანის საფუძველი გახდა კომისიის გადაწყვეტილება,  რომლითაც ორგანიზაციას  უარი ეთქვა გასაუბრებაზე დასწრება იმ მოტივით, რომ  ამ ეტაპისთვის რაიონული დამკვირვება ვერ მოხდებოდა.

საკონკურსო კომისიამ საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა დაიცვას საჯარო სამსახურის ისეთი ძირითადი პრინციპი, როგორიცაა  საქვეყნოობა. სასამართლოს განმარტებით: ,,საქვეყნოობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი, რაც განსაზღვრავს მოქალაქეთა და ზოგადად საზოგადოების ნდობას ყველა ორგანოს და მითუმეტეს საჯარო ორგანოებთან მიმართებაში. მონიტორინგი რა თქმა უნდა არ ნიშნავს გასაუბრების პროცესში რაიმე სახით ჩარევას. ობიექტური დაკვირვება გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებულობას“.  ამასთან სასამართლო  მიიჩნევს,  რომ საჯაროობა არ უნდა იქნეს ვიწროდ გაგებული და არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ  კონკურსის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას დაინტერესებული პირებისთვის.

,,სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები გაიზიარებენ აღნიშული გადაწყვეტილებას  და ღიად და გამჭვირვალეს ჩაატარებენ  საჯარო მოხელეთა კონკურსებს.