პრესრელიზები

ISFED-მა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

დღეს, 17 ოქტომბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2014 წლის ადგილორივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნები“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის პროცესში.

„სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებს, 29 ივნისის განმეორებით არჩევნებსა და 12 ივლისს გამართულ, არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების მონიტორინგი ორგანიზაციამ, ისევე, როგორც წინა არჩევნები, განახორციელა ახალი მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. 

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში დეტალურადაა განხილული ყველა ის ფაქტი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს უძღოდა წინ, ასევე გაანალიზებულია ყველა ის პოზიტიური თუ ნეგატიური პროცესი, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების მიმდინარეობასა თუ მის შედეგებზე.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოსა და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.  

უმთავრესი რეკომენდაციები ეხება საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, კერძოდ  საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გადახედვას. ასევე, კვლავ ვამახვილებთ ყურადღებას საარჩევნო სიებზე. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი მუშაობაა გასაწევი ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა ღონისძიების გატარება. 

რეკომენდაციები სრულად, წაიკითხეთ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში ბმულზე: www.isfed.ge