პრესრელიზები

ISFED-მა მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან, 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგის შედეგები, კერძოდ, მათ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების რაოდენობა, ასევე, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების და  პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობრივი ანალიზი. 

“331 კანონპროექტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარმა დეპუტატებმა წარადგინეს, მხოლოდ 36 დეპუტატზე ნაწილდება.  მათ შორის ყველაზე მეტი, 41 წარდგენილი აქვს დავით ონოფრიშვილს, მეორე ადგილზეა ვახტანგ ხმალაძე 33 წარდგენილი კანონპროექტით, მესამე ადგილზე კი თამარ კორძაია მერვე მოწვევის პარლამენტში წარდგენილი 22 კანონპროექტით“,-ამბობს მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.

მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 10-ჯერ და უფრო ნაკლებად სიტყვით გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატების 30%. ხოლო 100-ჯერ და უფრო მეტჯერ პარლამენტის ტრიბუნით ისარგებლა მაჟორიტარი დეპუტატების 17%-მა. საანგარიშო პერიოდში, მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან პარლამენტის სხდომა არასოდეს გაუცდენია მხოლოდ 11 დეპუტატს. 

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია პარლამენტის მაჟორიტარი წევრების მიერ მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირებისა და მოქალაქეებთან გამართული შეხვედრების ინტენსივობის შესახებ. ორგანიზაციისთვის მიწოდებული 27 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინფორმაციის თანახმად, ამომრჩეველმა ყველაზე ხშირად მიმართა ფოთის, ნაძალადევის, ახმეტის, ქუთაისის და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატებს.

„მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროებში შემოსული განცხადებები უმეტესწილად ადგილობრივი თვითმმართველობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება“,-ამბობს ნინო რიჟამაძე, სამართლიანი არჩევნების იურისტი. 

მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში გაიხარჯა 12 065 777 ლარი.