კენჭისყრის მიმდინარეობისა და უბნის დახურვის პროცესი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.7%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. საარჩევნო უბნების მიმდებარედ მასიური სახე ჰქონდა „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წამოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.
საარჩევნო უბნების დახურვის მოახლოებასთან ერთად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა ცალკეული სერიოზული ინციდენტები, როგორიცაა ამომრჩეველთა სამაგიდო სიის დაკარგვა, საარჩევნო უბანზე უცხო პირთა შეჭრა და ყუთის გატაცების მცდელობა. ამ ეტაპზე დაფიქსირებული სხვა დარღვევები უკავშირდებოდა საარჩევნო პროცედურების ხარვეზებით წარმართვას.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში წარადგინა 46 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 54 საჩივარი.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
- საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 99.2%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არჩევნების პირველი ტურის მონაცემის (99.7%) იდენტურია.
- საარჩევნო უბნების 98.5%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც სტატისტიკურად თითქმის არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისგან (97.1%).
- საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი სტატისტიკურად განსხვავებული არ არის არჩევნების პირველი ტურის მონაცემებისგან (99.1%).
- საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მაჩვენებლისგან, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 98.6%-ზე.
- საარჩევნო უბნების 98.3%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი არჩევნების პირველი ტურის მონაცემის მსგავსია (98.6%).
- საარჩევნო უბნების 1.6%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტები, რაც წარმოდგენს მცირედ გაუარესებას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მონაცემთან შედარებით (0.8%).
დარღვევები
„სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
საარჩევნო დოკუმენტაციის დაკარგვა
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დაიკარგა ე.წ. სამაგიდო სია, რის შედეგადაც დროებით შეწყდა ხმის მიცემის პროცესი და უბანზე პოლიცია იმყოფებოდა. ხმის მიცემა განახლდა ისე, რომ დაკარგულ სამაგიდო სიაში მყოფ ამომრჩეველს არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა.
უბანზე უცხო პირების შევარდნა
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე უცხო პირები შევარდნენ და ყუთის გატაცება სცადეს. მათ უბნის კარი შეტეხეს, თუმცა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. საუბნო კომისიის წევრების წინააღმდეგობის შემდეგ უცხო პირები საარჩევნო უბნიდან გაიქცნენ. ამჟამად უბანზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.
ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა
- #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქის #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #20, #25, #26 და #27 საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. მათ ჰქონდათ ფურცლები, სავარაუდოდ სიები, რომლითაც აღრიცხავენ ამომრჩევლებს.
- #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სიებით. ამავე უბნის შესასვლელთან იდგა საკრებულოს თავმჯდომარე და ეწეოდა აგიტაციას.
ბიულეტენის მეტობა ხელმოწერების რაოდენობაზე
- #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე; #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ზედმეტი თითო ბიულეტენის გაცემის შემთხვევებს.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- #44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაუღო ბიულეტენს.
- #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #27 უბანზე კაბინაში ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების ორი ფაქტი დაფიქსირდა.
გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები
- #30 კასპის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე და #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე სიებში არ იყო მითითებული გადასატანი ყუთის ამომრჩევლები.
არაუფლებამოსილი პირი უბანზე
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა „საქართველოს ქრისტიან- კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი.
სხვა ამომრჩევლის ხელმოწერა
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #100 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს გრაფაში სხვისი ხელმოწერა დახვდა.
მარკირების არ გაკეთება
- #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა მარკირება არ გაუკეთა ამომრჩეველს.
პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული ხარვეზები
#10 გლდანის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე დართეს ხმის მიცემის უფლება.
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ამომრჩეველი ძველი (ე.წ. „ლამინირებული“) პირადობის მოწმობით, თუმცა დამკვირვებლის ინფორმაციით, იგი ფლობს ახალ ID ბარათს;
„სამართლიანი არჩევნები“ გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები ინციდენტების რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.
„სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას არჩევნების დღის შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ. მომდევნო განცხადება გამოქვეყნდება 29 ოქტომბერს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებით. მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ფონდ „ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის“ (EED) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, NED-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის, ნორვეგიის საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს ან EED-ს შეხედულებებს.