პრესრელიზები

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა 15:00 საათისთვის

2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება. 

ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში „სამართლიანი არჩევნების“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით დააკვირდება. ამასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე არიან წარმოდგენილი ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 40 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელია, ხოლო ცენტრალურ ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობს.


ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო უბანზე ძალადობის - 1, ხმის ფარულობის დარღვევის - 3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის - 1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის - 1, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების - 7, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის -1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის - 2, და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა.




ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის (PVT შედეგები)

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა წარმოადგენს   12.7%-ს +/-0.4% ცდომილების ფარგლებში. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის დროს 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა (19.7% +/- 0.3%). 

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების  96%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო საარჩევნო უბნების 4%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.


კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული დარღვევები

ძალადობა საარჩევო უბანზე 

 #36 მაჟორიტარული ოლქის #8 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ამომრჩეველი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიღებული ჰქონდა, შემოიჭრა კენჭისყრის შენობაში და პ/გ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ესროლა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული საგნები, მათ შორის, სავარაუდოდ, მარკირების სითხის შემცველი ბოთლი. აღნიშნული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს და ამჟამად უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

ხმის მიცემა მარკირებული ამომრჩევლის მიერ 

 #65 მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება უკვ აღენიშნებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა 
 #51 მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი) ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზა;
 #66 მაჟორიტარული ოლქის #61 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში პ/გ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შეჰყვა;
 #36 მაჟორიტარული ოლქის #57 საარჩევნო უბანზე (მარნეული) „კავშირი 21 საუკუნის“ დამკვირვებელი გარკვეული დროის განმავლობაში საარჩევნო კაბინაში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევით ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ტელეფონით გადასცემდა. 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

 #26 მაჟრიტარული საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე (მარნეული) სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის წევრებმა ვიდეო გადაღების წარმოების შესაძლებლობა არ მისცეს. 

არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე 

 #44 მაჟორიტარული ოლქის #28 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) ერთ-ერთ კანდიდატს თან ახლდა პირი, რომელსაც არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლების დამადასტურებელი  დოკუმენტი. აღნიშნულმა პირმა ფოტოების გადაღების შემდგომ უბანი დატოვა;
 #72 მაჟორიტარული ოლქის #10 საარჩევნო უბანზე (ხელვაჩაური) პ/გ „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება 

 სადემონსტრაციო ოქმში სათანადო მონაცემები არ იყო შეტანილი #69 მაჟორიტარული ოლქის #9  (ბათუმი) და #70 მაჟორიტარული ოლქის #17 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე;
 #68 მაჟორიტარული ოლქის #41 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) ამომრჩეველმა შეცდომით მოაწერა სხვა გრაფაში ხელი; 
 #36 მაჟორიტარული ოლქის #63 საარჩევნო უბანზე (მარნეული) რეგისტრატორმა წინასწარ მოაწერა ხელი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
 #39 მაჟორიტარული ოლქის #19 საარჩევნო უბანზე (კასპი) ამომრჩეველთა სიაში არ იყო მითითებული გადასატანი ყუთის სიაში გადატანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია;
 #36 მაჟორიტარული ოლქის #20 საარჩევნო უბანზე (მარნეული) რეგისტრატორს ორი ამომრჩევლის ხელმოწერა გამორჩა სიაში. დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა; 
 #60 მაჟორიტარული ოლქის #10 საარჩევნო უბანზე (ლანჩხუთი) სადემონსტრაციო ოქმი არასათანადოდ ივსება.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა 

 #44 მაჟორიტარული ოლქის #24 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლით.

კომისიის წევრის მიერ ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება 

 #36 მაჟორიტარული ოლქის #2 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ერთ-ერთი რეგისტრატორი არ ასრულებდა თავის ფუნქციას, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; 
 #61 მაჟორიტარული ოლქის #14 საარჩევნო უბანზე (ფოთი) ნაკადის მარეგულირებლის ისე უშვებს ამომრჩევლებს უბანზე, რომ არ ამოწმებს მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

მარკირების პროცედურის დარღვევა 

 #44 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) ამომრჩეველს სიაში გადამოწმების გარეშე გაუკეთდა მარკირება, თუმცა, სიაში გადამოწმების შემდგომ აღმოჩნდა, რომ იგი არაა მოცემული უბნის ამომრჩეველი, რის გამოც მან ხმის მიცემის უფლება დაკარგა. 


წარდგენილი საჩივრები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია  34 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 19, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 18 საჩივარი.   


სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039. არჩევნების პორტალზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მოწოდება.


 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.






სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.  განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, და ევროკავშირის შეხედულებებს.