პრესრელიზები

ხმის დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესი

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მესამე განცხადებას, რომელიც ასახავს შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცედურის დროს გამოვლენილ პრობლემებსა და დარღვევებს.

მუხროვანის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე დაკავშირებით შექმნილი პრობლემა

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, #50 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, უბნის დახურვის შემდეგ, საარჩევნო კომისიამ გამოავლინა შეუსაბამობა ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გამოუყენებელ ბიულეტენებს შორის. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რეგისტრატორმა განაცხადა, რომ მან ზედმეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა. მოცემული დოკუმენტაცია დაილუქა და გადაეცა #13 საარჩევნო უბანს, სადაც უნდა მომხდარიყო კენჭისყრის შედეგების დათვლა და შეჯამება. 

ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა, რომ დათვლილი ბიულეტენები ერთით აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საარჩევნო უბანზე გავრცელდა ვარაუდი, რომ ერთ-ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იყო მოთავსებული. თუმცა, მთვლელების მიერ კონვერტების გახსნის და ბიულეტენების ამოღების პროცესში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ვერ ადასტურებს მოცემული ფაქტის ნამდვილობას.  

ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყვნენ ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები, რომელთაც სცადეს უბანზე შესვლა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული ხარვეზები

საგარეჯო

საგარეჯოს #2, #13, #45 და #47 საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. ამასთან, #47 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი არასრულყოფილად არის შევსებული;

საგარეჯოს #19 საარჩევნო უბანზე ხარვეზებით არის შევსებული შემაჯამებელი ოქმი. კერძოდ, ოქმში გადაკეთებულია მონაცემი. ამასთან, არ დგება ბალანსი ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემულ ბიულეტენებს შორის და არ არის მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

საგარეჯოს #41 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმში ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გაცემული ბიულეტების რაოდენობას;

საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უარი უთხრა შემაჯამებელი ოქმების ასლების გაცემაზე არჩევნების დღეს და  განუცხადა, რომ მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის საფუძველზე გადასცემდა შემაჯამებელი ოქმების ასლებს მეორე დღეს. 

მარტვილი

მარტვილის #9 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღემატებოდა გაცემული ბიულეტენების რაოდენობას.

საჩივრები

შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში „სამართლიან არჩევნებს“ წარდგენილი აქვს 2 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესაბამისი პასუხისმგებლობის მოთხოვნით.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ხოლო, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების ოთხ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგს, 48 მოკლევადიანი, ორი ოლქის დამკვირვებლის და ორი მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს. 


„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის მეშვეობით.  ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ამერიკელი ხალხისშეხედულებებს.