პრესრელიზები

ხმის მიცემის და უბნის დახურვის პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“.

სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 80 მობილური ჯგუფი.  დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 15 ივნისის არჩევნები რიგით მერვეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასებისა და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

 ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 349 საარჩევნო უბანზე; 
 11 თვითმმართველ ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები - 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.

 „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.3%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. არჩევნების დღის ორი მნიშვნელოვანი ხარვეზი იყო, რომ საარჩევნო უბნების 3.7%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის არ იყო დაცული და უბნების 4%-ზე ამომრჩეველთა მარკირება თანმიმდევრულად არ ხდებოდა.  

 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 16  საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 66 საჩივარი.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

 საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 97.7%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმანტაციით. უბნების 2.3%-ზე საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია არ მოსთხოვეს ცალკეულ ამომრჩევლებს. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებთან. აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებელი შენარჩუნებულია ყველა თვითმმართველ ქალაქში;
 საარჩევნო უბნების 97.3%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც წარმოადგენს მცირე ზრდას წინა წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში - 2013 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 94.8%-ზე. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარკირება შემოწმდა უბნების 95.3%-ზე; ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ ამ მონაცემთან შედარებით მარკირების შემოწმება ყველაზე ნაკლებად ხდებოდა მცხეთის თვითმმართველ ქალაქში;
 საარჩევნო უბნების 99.7%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით.  2013 წელს ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა უბნების 99.1%-ზე, ხოლო  2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს - უბნების 99.3%-ზე. თვიმმართველი ქალაქების ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ამ მონაცემისგან; 
 საარჩევნო უბნების 96%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც წარმოადგენს მცირე გაუარესებას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც  მარკირება გაკეთდა საარჩევნო უბნების 97.4%-ზე და ასევე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 96.2%-ზე;თვიმმართველი ქალაქების ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ამ მონაცემისგან; 
 საარჩევნო უბნების 96.3%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის ამ პროცენტულ მაჩვენებლსა და 2013 წლის და 2010 წლის ანალოგიურ მონაცემებს შორის; თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის ფარულობა ყველაზე ნაკლებად დაცული იყო ფოთისა და ოზურგეთის თვითმმართველ ქალაქებში;
 მუქარისა და ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების მხოლოდ 1.3%-ზე. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია ყველა თვითმმართველ ქალაქში; 
 საარჩევნო პროცესმა ძირითადად კარგად ჩაიარა, თუმცა საარჩევნო უბნების 17.4%-ზე დაფიქსირდა მცირედი ხარვეზები. 
დარღვევები

არჩევნების დღეს ,,სამართლიანი არჩევნების’’ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემდეგი დარღვევები: 
 საარჩევნო მასალის გატაცებისა და დაზიანების 2 ფაქტი;
 აგიტაციის 5 ფაქტი (იგივე რაც წინა განცხადებებში);
 უფლებამოსილი პირების უფლების შეზღუდვის 9 ფაქტი; 
 არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 11 ფაქტი;
 არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 10 ფაქტი;
 მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 14 ფაქტი;

 ამომრჩევლის სიაში არყოფნის 4 ფაქტი;
 სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 6 ფაქტი;

 რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის არ დამოწმების 3 ფაქტი.

ამას გარდა დაფიქსირდა სხვადასხვა სახის 72 პროცედურული დარღვევა. 

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით ნახოთ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები, რომელიც ასახულია საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა  PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.
 „სამართლიანი არჩევნები“ მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ. 

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 16 ივნისს.

სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.