კონფერენცია - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევები
14 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამართეს კონფერენცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის მიზანი იყო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისგან შეეტყოთ, თუ რა ტიპის გამოწვევებს ხედავენ ისინი წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას.
გარდა ამისა, კონფერენციაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წარმომადგენლებს, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს ცივილურ და თანასწორ გარემოში. მნიშვნელოვანია, კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებმა თავი შეიკავონ ურთიერთთავდასხმების, პიროვნული შეურაცხოფის თუ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტების თანახმად, იკვეთება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის რისკები, საფრთხეები მედიაპლურალიზმის კუთხით და სხვა გამოწვევები.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.