პრესრელიზები

საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება

22 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი.

საანგარიშო პერიოდში ISFED-მა გამოავლინა:

  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი;
  • მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;
  • დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი;
  • არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
  • კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;
  • მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელს საქართველოში. 

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტები რჩება. აღსანიშნავია 21 ოქტომბერს „ტვ პირველის“ მფლობელის მიერ გავრელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მის მამას უცნობი პირები საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. დამატებით, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს, თუ როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.

რიგ რეგიონებში, ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და აქტივისტებმა უარი თქვეს პარტიებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რადგან არ სურთ პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ ან/და ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

რეგიონებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სააგიტაციო შეხვედრებს ხშირადქართული ოცნებისაქტივისტები, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებიან და შეხვედრებზე მყოფ მოქალაქეებს აღრიცხავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივების პოლიტიკურ აქტიურობაზე და ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.

გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევები, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში. 

მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში ხშირად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალური სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას და  მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებენ. 

ცალკეულ შემთხვევებში, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის კონტროლის ფუნქცია კერძო საწარმოებს აქვთ შეთავსებული. ISFED-ის ინფორმაციით, ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების პოლიტიკურ აქტივობებს მაღაროს უფროსი აკონტროლებს. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. მიმდინარე პერიოდში, სკოლების დირექტორების ნაწილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუვიდა უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა. მათი ნაწილი მოვალეობის შემსრულებლებად დატოვეს, თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა.

ეთნიკურად სომხებით დასახლებულ რეგიონში, წინასაარჩევნო გარემო დაიძაბა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც მთიან ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენია. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერები გამოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინაღმდეგო ლოზუნგით, რომ „მოღალატეები არიან". „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, მათი საარჩევნო კომისიის წევრები და მხარდამჭერები ზეწოლის ქვეშ არიან.

29 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მონიტორინგისას, უცნობმა პირებმა საქმიანობაში ხელი შეუშალეს და თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებისას, დაშავდნენ პოლიტიკური ძალების აქტივისტები, საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, „მთავარი არხისდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. დაზიანდა ტელეკომპანიების აპარატურაც. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ინციდენტი.

რეკომენდაციები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას

  • არ დაუშვას მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები.
  • დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები;
  • დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, ასევე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი და პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები;
  • საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს:

  • მმართველმა პარტიამ არ გამოიყენოს საჯარო სექტორში დასაქმებული პირები სააგიტაციო რესურსად და უარი თქვას მათი მეშვეობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მხარდამჭერთა მობილიზებაზე;
  • თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება;
  • არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება;
  • არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს;
  • არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

 

ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან ევროკავშირის შეხედულებებს.