საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ხარვეზიანი პროცესი და მედია გარემოს გამოწვევები ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშში
13 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია, ძირითადად, 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, თუმცა ანგარიში ასევე მოიცავს გარვეულ მოვლენებს რაც ამ პერიოდის მიღმა ახდენდა გავლენას საარჩევნო პროცესზე.
ISFED-ის პირველ შუალედურ ანგარიშში მოხვდა ფიზიკური დაპირისპირების 1, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 1, სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის 8, კამპანიისთვის ხელის შეშლის 2 და ბეჭდვითი მასალის წესის დარღვევის 1 ფაქტი. გარდა ამისა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა, დააფიქსირეს სხვადასხვა სახის 7 ინციდენტი საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში. საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 31 მუნიციპალიტეტში.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საოლქო კომისიების დროებით წევრთა დანიშვნა. 73 საოლქო კომისიაში შერჩეული დროებითი წევრებიდან 14-ს ჰქონდა ნათესაური კავშირი საარჩევნო ადმინისტრაციის ან სხვა უწყების თანამდებობის პირებთან, 8 შემთხვევაში კი კომისიებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან აქტივისტი აირჩიეს. საოლქო საარჩევნო კომისიებში პროფესიულ წევრებად პარტიული აქტივისტების დანიშვნა საფრთხის ქვეშ აყენებს საარჩევნო კომისიებისადმი ნდობას და კითხვის ნიშნებს აჩენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ხოლო, ნათესავების დანიშვნის შემთხვევების სიმრავლე და გადაწყვეტილების მიღების ბუნდოვანი პროცესი აჩენს კითხვებს ნეპოტიზმის შესახებ.
პრობლემური იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის პროცესიც. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების მოთხოვნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საოლქო კომისიის წევრებმა 45 ოლქში დასვეს, თუმცა ეს მოთხოვნა არსად დაკმაყოფილებულა და კომისიური გასაუბრება არ ჩატარებულა. ენმ-ს მიერ დანიშნულ წევრებს მიეცათ კანდიდატებთან გასაუბრების დამოუკიდებლად დანიშვნის შესაძლებლობა, მაგრამ კონკურსანტთა უმრავლესობა გასაუბრებაზე არ მივიდა. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რიგ ოლქებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს ურეკავდნენ და მოუწოდებდნენ, რომ გასაუბრებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. ზოგიერთ ოლქში კი ადგილი ჰქონდა კომისიის დანარჩენი წევრების მიერ გასაუბრების ჩატარებისთვის ხელის შეშლას და სიტყვიერ დაპირისპირებას.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 73-ვე ოლქში საუბნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი მსგავსი სცენარით წარიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ოლქებში კონკურსანტების კენჭისყრაში კომისიის 9-10 წევრი მონაწილეობდა. ტენდენციას წარმოადგენდა ის, რომ კომისიის პროფესიული ნიშნით და „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრები კენჭისყრისას, ძირითადად, ერთსა და იმავე კანდიდატებს უჭერდნენ მხარს, ხოლო საოლქო კომისიის წევრები „პატრიოტთა ალიანსიდან“ ხმას განსხვავებულად აძლევდნენ. 25 საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებდნენ წინასწარ მომზადებული სიებით, თუმცა განმარტავდნენ, რომ კანდიდატთა სიის სამუშაო ვერსია კანდიდატების განაცხადების გადარჩევის შემდეგ გააკეთეს.
ISFED-ის დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდში რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა, სავარაუდოდ, ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების ფაქტები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს. დაფიქსირდა კამპანიებში საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციების სავარაუდო ჩართულობის ფაქტები, რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით მაისის თვიდან მოყოლებული საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა 31 მუნიციპალიტეტში, რომელთა შედეგადაც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები, ხშირად საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. 29 აგვისტოდან კანონით აკრძალულია ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ინიცირება და შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო, და ადგილობრივ ბიუჯეტებში. შესაძლოა, სწორედ საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის ცვლილების აკრძალვას უკავშირდება საბიუჯეტო ცვლილებების ტალღა მაის-აგვისტოს თვეებში, რაც ქმნის განცდას, რომ საარჩევნო პერიოდში ამ ტიპის პროექტების გააქტიურება და მათი დაგეგმვა მიმართულია არჩევნების წინ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას და ხელს არ უწყობს არჩევნების წინ თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.
კრიტიკას იმსახურებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინსტრუქცია ტელეკომპანიებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობის გადამოწმების ვალდებულების დაკისრების შესახებ. მსგავსი ვალდებულებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარ ფუნქციას - უზრუნველყოს თანაბარი მედიაგარემო და ამომრჩევლისთვის ინფორმაციაზე წვდომის უფლება. პრობლემურია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაჯარიმების შესახებ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გადაცემის გამო. აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 50 დღით ადრე აქვთ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მაუწყებლებზე და მათ პოტენციურად თავი შეიკავონ პოლიტიკური/წინასაარჩევნო ხასიათის რეკლამის განთავსებისგან არასაარჩევნო პერიოდში.
მედიაპლურალიზმის კუთხით საფრთხეს შეიცავს ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. კომპანიის დამფუძნებლები ხელისუფლებას გარიგების, კერძოდ, ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ ფინანსური დავალიანების პრობლემის აღმოფხვრის შეთავაზებაში ადანაშაულებენ. ასევე ISFED არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას თანამშრომელთა ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეცვლის თაობაზე, ვინაიდან არხზე მომუშავე სხვა ჟურნალისტებისთვის შრომითი გარანტიები მინიმალური ხდება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მათ მიუკერძოებლობაზე.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა, კერძოდ ორგანიზაცია მოუწოდებს:
- საარჩევნო ადმინისტრაციას - აღკვეთოს ყველა დონის საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური ინტერესების გატარება;
- კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას - შეცვალოს საკუთარი მოთხოვნა მაუწყებლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გადამოწმებასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს მედიაპლურალიზმის განმტკიცებას;
- პოლიტიკურ პარტიებს/კანდიდატებს - უზრუნველყონ პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების პოლიტიკური ნეიტრალურობა; თავი შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხელის შეშლისგან; ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს;
- საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს - დაემორჩილონ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას და არ მიიღონ მონაწილეობა რომელიმე პარტიისა თუ კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის პროცესში;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში აგიტაციის გაწევა; დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების გამოყენების შესაძლო ფაქტები; მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
რევაზ ბარამიძე, „სამართლიანი არჩევნების“ PR და კომუნიკაციის ოფიცერი
ტელ: +995 598 89 00 21; email: pr@isfed.ge