პრესრელიზები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები და კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები

2015 წლის 22 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. 

„სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან, 73 დამკვირვებლის მეშვეობით  ატესტაციისა და კონკურსების პროცესებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდება. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ გასაუბრების პროცესის მონიტორინგი 112 თვითმმართველ ორგანოში  განახორციელა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები

საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 850 განცხადებიდან 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებით და დარღვევებით მიაწოდა. კერძოდ, თვითმმართველი ერთეულების 43%-მა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების 68%-მა ინფორმაცია მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები  37 გამგეობაში, 17 საკრებულოში და 7 მერიაში გამოვლინდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაცია კონკურსებისა და ატესტაციების პროცესის საბოლოო შედეგების შესახებ „სამართლიან არჩევნებს“ 26-მა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ მიაწოდა. აქედან, 19-მა კომისიამ აღნიშნული ინფორმაცია  პერსონალურ მონაცემად მიიჩნია, დანარჩენებმა პასუხი ორგანიზაციას საერთოდ არ მიაწოდეს ან არ ისურვეს მიზეზის დასახელება.  

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ კომისიებმა და თვითმმართველმა ორგანოებმა არაკანონიერად განაცხადეს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა კონკურსები და ატესტაციები  საჯარო ინტერესს წარმოადგენს, შესაბამისად, პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიიღო კომისიამ გადაწყვეტილებები კადრების შეფასებისა და შერჩევის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკვირდებიან, აფასებენ პროცესს  და ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას. 

გასაუბრების მიმდინარეობა 

2014 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე, „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა კონკურსებისა და ატესტაციების პროცესს 52 მუნიციპალიტეტსა და 6 თვითმმართველ ქალაქში. იქ სადაც ორგანიზაციას  გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცა (14 თვითმმართველ ორგანოში ორგანიზაციას სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა დაკვირვების უფლება), პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. თუმცა, 12  თვითმმართველ ორგანოში  (ქარელი, ბათუმი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხულო, ცაგერი, გარდაბანი, კასპი, ქედა, გორი, ახმეტა, თბილისი) გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას, არასათანადო შეკითხვების დასმისა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს.

კადრების შერჩევის პროცესის შეფასება

„სამართლიანმა არჩევნებმა“  დაკვირვების შეზღუდვის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, 40 თვითმმართველ ორგანოში ვერ მოახერხა კადრების შერჩევის პროცესის შეფასება.

56 თვითმმართველ ორგანოში, სადაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ კადრების შერჩევის პროცესი შეაფასა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ობიექტური იყო. თუმცა, 100 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. 

100 შემთხვევაში, სადაც ორგანიზაციამ საკონკურსო კომისიების თუ თვითმმართველობის ორგანოების მიერ კადრების შერჩევის დროს მიღებული გადაწყვეტილებები არ გაიზიარა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

 კომისიებმა და თვითთმმართველმა ორგანოებმა პოზიციები მიზანმიმართულად დატოვეს ვაკანტურად, რათა დროებით მოვალეობის შემსრულებლები ან სხვა მოქმედი თანამშრომლები დაენიშნათ. ხელახალი კონკურსები დაინიშნა იმ მიზნით, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ტესტირება პირველ ეტაპზე,  გადაელახათ ტესტირება და დანიშნულიყვნენ აღნიშნულ პოზიციებზე (ადიგენის და ხობის გამგეობები);

 კონკურსები გამოცხადდა ჩაშლილად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა  (ამბროლაურის, ტყიბულის, ჭიათურის, ხობის, ჩხოროწყუს, ქობულეთის,ხულოს გამგეობები, ბათუმის მერია და ამბროლაურის მერია);
 კომისიას ჰქონდა მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევის ალტერნატივა, თუმცა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და  უფრო დაბალკვალიფიციური კადრები შეარჩია (ამბროლაურის, ბაღდათის, წყალტუბოს, ხობის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, დუშეთის, ხულოს, ქედის, ჩოხატაურის გამგეობები, ბათუმის საკრებულო და ბათუმის მერია). ამასთან, ზოგიერთმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა დროებით მოვალეობის შემსრულებლებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უკეთესი არჩევანის შესაძლებლობა სხვა კანდიდატების სახით (ბათუმის მერია, კასპის გამგეობა, ქედის გამგეობა);
 კომისიამ აიყვანა დაბალკვალიფიციური კადრები იმ პოზიციებზე, სადაც არჩევანის ალტერნატივის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ აღნიშნულ პოზიციებზე კომისიას კონკურსი ჩაშლილად უნდა გამოეცხადებინა, უფრო კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით (ბაღდათის, ზუგდიდის, ქობულეთის, ხულოს, კასპის  გამგეობები და ბათუმის მერია).
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ თვითმმართველ ერთეულებში კონკურსანტთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დაწესების, საჯარო ინფორმაციის გაცემის არაერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკა და ატესტაცია-კონკურსების ჩატარების ზოგადი წესი, რომელიც არ შეიცავს მნიშვნელოვან დეტალებს, ნეგატიურად აისახა პროცესის მიმდინარეობაზე და დაბრკოლებები შეუქმნა ორგანიზაციას, როგორც დაკვირვების, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პრობლემებმა ეჭვქვეშ დააყენა კონკურსანტების შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილებების  ობიექტურობა და ამასთან, კონკურსანტების დიდ ნაწილში უკმაყოფილება და პრეტენზიები გამოიწვია. შესაბამისად, შეუძლებელია სრულყოფილად შეფასება, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს ატესტაცია-კონკურსების პროცესი და არის თუ არა კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები ობიექტური.

„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს დაკვირვებას საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების პროცესზე და ეტაპობრივად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს მზადყოფნას იურიდიული კონსულტაციით დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ატესტაცია/კონკურსების პროცესში მისი უფლებები დაირღვა.



ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს  USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.