“სამართლიანი არჩევნები” და საია აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივის
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 722 700 (თოთხმეტი მილიონ შვიდასოცდაორი ათას შვიდასი) ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობები. მათ შორის, 13 554 400 (ცამეტი მილიონ ხუთასორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე იკრძალება ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელიც მანამდე არ ყოფილა გათვალისწინებული ბიუჯეტში. ასევე აკრძალულია უკვე გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსების ზრდაც. ზემოაღნიშნული ცვლილებებით ხდება როგორც ახალი პროგრამების დაფინანსება, ისე არსებული პროგრამების დაფინანსების ზრდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საარჩევვნო კოდექსთან. ამ შემთხვევაში უფლებამოსილ პირებს საარჩევნო კოდექსი ანიჭებს უფლებას მიმართონ სასამართლოს და ხარჯების შეჩერება მოითხოვონ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ სარჩელით მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ გაზრდილი ხარჯების შეჩერებას.
ამასთან, ჩვენ მივესალმებით ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსახლების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიმართულ ნებისმიერ ღონისძიებას. თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გასაზღვროს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდა წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევით არ მოხდეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზემოაღნიშნული ცვლილებების მიღების პროცესში გამოითქვა მოსაზრება, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვები ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე არ ვრცელდება, რაც არასწორია. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" მე-6 მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად, ბიუჯეტი მოიცავს როგორც ცენტრალურ, ისე ავტონომიურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს. უფრო მეტიც, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება. ამ ბიუჯეტებს ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაცია, აღრიცხვის ერთიანი სისტემა და სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპები გააჩნიათ.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც 49-ე მუხლის მე-3 პუნქტსაც ეხება.
ცვლილებებით აღნიშნული პუნქტის მოქმედება მნიშვნელოვნად დავიწროვდება, შემცირდება შეზღუდვის მოქმედების პერიოდი და ის არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე პერიოდით განისაზღვრება; ამასთან შეზღუდვა აღარ გავრცელდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ზრდაზე, ასევე არაგეგმიური ტრასფერის ინიცირების ან გეგმიური ტრანსფერის ზრდის აკრძალვაზე.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილებები არ ყოფილა განხილული და შეჯერებული საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, რომლის მუშაობაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. ინიციატივა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მეორე საკომიტეტო მოსმენაზე გაჟღერდა. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდას გამოიწვევს, რასაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უკვე ადგილი ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ზოგიერთ მუნიციპალიტეტშიც.