პრესრელიზები

სამართლიანი არჩევნები და საია სასამართლოს მოუწოდებს გონივრულ ვადაში განვიხილოს საარჩევნო დავა

\"საია\" და \"სამართლიანი არჩევნები\" ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებენ გონივრულ ვადაში განიხილოს საარჩევნო დავა.

სასამართლოს მიერ მსგავსი პრაქტიკის დადგენის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება წინასაარჩევნო გარემოს გაუარესების რისკი, რადგან საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალული თანხის ხარჯვის ალბათობა არსებობს სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც.

საიას ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლო საარჩევნო დარღვევის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვას არა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადებში, არამედ დავის განხილვის ზოგადი წესის გამოყენებით გეგმავს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება  საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას, ზიანს აყენებს როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე მართლმსაჯულების ინტერესებს. 

2013 წლის 30 ივლისს საიამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სარჩელი წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერება.  

მიუხედავად საარჩევნო დავებზე კანონით განსაზღვრული შემჭიდროვებული ვადებსა, ბათუმის საქალაქო სასამართლო სარჩელს არ იხილავს. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო აპირებს აღნიშნული სარჩელის განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ორთვიანი ვადის გამოყენებას. საიას იურისტი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლე 1 თვით შვებულებაში გადის და დავის განხილვა სექტემბერში დაიწება. ამასთან, თუ სასამართლო გამოიყენებს საქმის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადას, მას იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ წინამდებარე დავის განხილვის ვადა 5 თვემდე გაზარდოს.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია საარჩევნო დავების განხილვის ვადად სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადის გამოყენება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით\" განსაზღვრულია დავის განხილვის შემჭიდროვებული ვადები, რაც დავის რამოდენიმე დღეში დასრულებას გულისხმობს. მართალია, საარჩევნო კოდექსი  ზუსტად და სიტყვასიტყვით არ განსაზღვრავს ჩვენს მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადას, მაგრამ კანონის ანალოგიის წესის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე უფრო მსგავსი ნორმა. ცხადია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებთან შედარებით, უფრო მსგავს ნორმად თავად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადები უნდა იქნეს მიჩნეული, რაც დავის რამოდენიმე დღეში დასრულებას გულისხმობს;

2. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მსგავსი დავების განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებს გამოიყენებს, მაშინ საერთოდ აზრი ეკარგება სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნაა უკანონოდ გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის შეჩერება, რათა წინასაარჩევნო პერიოდში არ მოხდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალული თანხების ხარჯვა. ცხადია, თუ მსგავსი დავა რამოდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, დავის დასრულებამდე არჩევნებიც დამთავრდება და თანხაც დაიხარჯება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ დადგება ის შედეგი, რასაც მსგავსი სარჩელი ისახავს მიზნად. 

3. სასამართლოს მიერ მსგავსი პრაქტიკის დადგენის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება წინასაარჩევნო გარემოს გაუარესების რისკი, რადგან საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალული თანხის ხარჯვის მაღალი ალბათობა არსებობს სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც. თუ ამ სიტუაციაში აზრს მოკლებული და არაეფექტური აღმოჩნდა სასამართლოში დავა, გამოდის, რომ არ არსებობს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების სამართლებრივი მექანიზმი, რაც ხელ-ფეხს გაუხსნის და დაამკვიდრებს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრაქტიკას. 

4. უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ანალოგიური ტიპის დავაზე  არსებობს გარკვეული სასამართლო პრაქტიკაც. მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საიამ ხონის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ თანხის ხარჯვის შეჩერება მოითხოვა. ხონის სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის წარდგენის მომდევნო დღეს მიიღო.

5. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს უმოქმედობა, პირველ რიგში, ზიანს აყენებს სასამართლოს როლს და აკნინებს მის ავტორიტეტს, რადგან ფაქტობრივად, სასამართლო თავად ირჩევს საქმის განხილვის იმ არასწორ წესს, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურს ხდის სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თავად სასამართლო მოქმედებს მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ, აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ ორგანოებზე სასამართლო კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელებას, რაც, ცხადია, ძალიან შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენს მიერ შეტანილი სარჩელი და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.