პრესრელიზები

სამართლიანი არჩევნები პარლამენტს საარჩევნო სისტემის საკითხებზე დისკუსიის დაუყოვნებივ დაწყებას სთხოვს

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პარლამენტს  ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის საკითხებზე დისკუსიის დაუყოვნებივ დაწყებას სთხოვს

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს განიხილავს.  იმისთვის, რომ რეფორმა წარმატებული იყოს, უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ისეთი საარჩევნო სისტემის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში. 

მორიგი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღად 2014 წლის მაის-ივნისი სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი, საარჩევნო სისტემის თაობაზე განხილვები ამ დრომდე არ დაწყებულა.  კერძოდ, საქართველოს პარლამენტში დღეის მდგომარეობით არ არის წარდგენილი კანონპროექტი იმის თაობაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემით მოხდება მერების, გამგებლებისა და საკრებულოს წევრების არჩევა. 
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა რთული საკითხია და საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობას, რათა გადაწყვეტილება მაქსიმალური კონსენსუსით იქნას მიღებული. ამასთან, არჩევნების წარმატებულად ჩასატარებლად, არჩევნებში ჩართული მხარეების მოსამზადებლად და ამომრჩეველთა სათანადოდ ინფორმირებისათვის, აუცილებელია დროულად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა საარჩევნო კოდექსში.

რამდენადაც ცნობილია, საარჩევნო სისტემაზე განხილვები უნდა წარიმართოს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, თუმცა, უცნობია, როდის გაიმართება ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა. 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მუშაობის დაწყება და ყველა დაინტერესებული მხარის სათანადოდ ინფორმირება ინტერფრაქციული ჯგუფის სამუშაო გეგმების შესახებ. 
განხილვის პროცესში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ გამოხატავს მზადყოფნას, წარმოადგინოს საარჩევნო სისტემის რეფორმიების კონკრეტული რეკომენდაციები.