პრესრელიზები

სამართლიანი არჩევნების\' მეოთხე შუალედური ანგარიში (პრესრელიზი)

“სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეოთხე შუალედურ ანგარიშს. საანგარიშო პერიოდი ასახავს 20 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებს.

„ჩვენი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი და ზეწოლის 2 შემთხვევა. გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3 ფაქტი. ,,სამართლიანი არჩევნები’’ სავარაუდო მოსყიდვად აფასებს პრემიერ მინისტრის ოჯახის კუთვნილი სააგენტოს და მისი მატერიალური ბაზის  „ინფო 9“-ის მენეჯმენტისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს.“ - აცხადებს  ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

ანგარიშში მოხვდა ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებიც. გამგებელი 10 მუნიციპალიტეტში შეიცვალა, მათ შორის პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა 7 გამგებელი, 1 დაკავებულ იქნა, 2 საკრებულომ გადააყენა. აღსანიშნავია რომ ცვლებების უმრავლესობა ზეწოლისა და  დაპირისპირების ფონზე განხორციელდა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საანგარიში პერიოდში ცესკომ საკონსტიტუციო ნორმების არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე უარი უთხრა ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე. 

 „სამართლიანი არჩევნები“ დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის“ მიერ ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებას, თუმცა,   უნდა აღინიშნოს, რომ  გარკვეულ რეკომენდაციებზე კომისიას რეაგირება არ მოუხდენია.  

„სამართლიანი არჩევნები საჯარო მოხელეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამუშაო საათებში თავი შეიკავონ აგიტაციისგან, ხოლო თანამდებობის პირებს - არ დაუშვან სახელმწიფო უწყებებში მომუშავე პირთა იძულება მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩვენო კამპანიებში. პრემიერ მინისტრს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ისეთი სახის ქმედებებისგან, რომელიც შესაძლებელია ამომრჩევლის მოსყიდვად იქნეს აღქმული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს მივმართავთ, უზრუნველყონ ეთერში პოლიტიკური პლურალიზმი და პროცესების ობიექტური გაშუქება“-აცხადებს ნინო ლომჯარია.

„სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვების პროცესში ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის საერთაშორისო დეკლარაციით „არაპარტიული საარჩევნო დაკვირვებისა და სამოქალაქო მონიტორინგის გლობალური პრინციპების შესახებ“.

დარღვევების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://electionsportal.ge