პრესრელიზები

'სამართლიანი არჩევნების' სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნების II ტურზე

2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დააკვირდება. 

„სამართლიანი არჩევნები“ ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში 600-ზე მეტ მოკლევადიან დამკვირვებელს  მიავლენს, რომლებიც კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით დააკვირდებიან. „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში ასევე იქნება 38 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელი. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები იმუშავებს.

„სამართლიანი არჩევნების“ 450 მოკლევადიანი დამკვირვებელი განთავსდება შემთხვევითი რეპრეზენტატული შერჩევით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე ყველა იმ ოლქის მასშტაბით, სადაც მეორე ტურები ტარდება. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იქნებიან წარმოდგენილი ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. ეს ოლქები საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კანდიდატებს შორის განსაკუთრებით მაღალი კომკურენციით და არჩევნების დღეს ან მის შემდგომ საყურადღებო ინციდენტებით გამოირჩეოდა. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვრივებლო მისია ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.