„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა
21 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგად გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის, უწყებათაშორისი კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შეფასებას. ძირითად მიგნებებსა და შეფასებებთან ერთად, ანგარიშში შესულია 42 რეკომენდაცია საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
„სამართლიანი არჩევნების“ რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისთვის საჭიროა პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება და ექნება გადაწყვეტილებების მიღებისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადების მანდატი და ნდობა.
ორგანიზაცია პრიორიტეტულად მიიჩნევს,გატარდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და გადაიხედოს ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. კერძოდ, მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიებში უზრუნველყოფილი იყოს პარიტეტის პრინციპზე დაფუძნებული, დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა, სადაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ ექნება დომინანტური მდგომარეობა. ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების რეფორმა უნდა მოიცავდეს პროფესიული წევრების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან გამიჯვნის მყარ გარანტიებს. გრძელვადიან პერსპექტივაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიული ნიშნით შერჩევას. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აზრით, მიზანშეწონილია შემცირდეს საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, გახანგრძლივდეს მათი შერჩევის ვადები და სავალდებულო გახდეს საუბნო კომისიის წევრთათვის საარჩევნო სერტიფიკატის ქონა, რაც შესაძლებელს გახდის უფრო კვალიფიციური კადრების დასაქმებას და ხელს შეუწყობს დარღვევების რაოდენობის შემცირებას. აქვე, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ცესკოს გააუმჯობესოს საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პრაქტიკა, დეტალურად გაიწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიულ წევრთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი, ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რათა დამკვიდრდეს კონკურსის სამართლიანი და გამჭვირვალე სტანდარტი. კონკურსის ერთ-ერთ სავალდებულო ეტაპად უნდა განისაზღვროს ღია გასაუბრება,
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია დავიწროვდეს თანამდებობის პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის შეუზღუდავი უფლება აქვთ. ასევე, სამუშაო საათებში აგიტაციის აკრძალვა უნდა გავრცელდეს ა(ა)იპ-ებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და თანამშრომლებზე. საარჩევნო პროცესში საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელებით უკანონო აგიტაციის პრობლემის და ამ პრობლემაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არაეფექტური რეაგირების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საარჩევნო კოდექსში აგიტაციის განმარტება და დაზუსტდეს, რომ საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათების განმავლობაში სოციალური ქსელის პირადი გვერდების საშუალებით აგიტაცია კოდექსის დარღვევას წარმოადგენს.
ანგარიშისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საჩივრების განხილვის პროცესში არსებულ პრობლემებს. ორგანიზაციის პოზიციით,აუცილებელია, საარჩევნო კოდექსში გადაიხედოს საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები და დაკონკრეტდეს ბუნდოვანი დებულებები. საარჩევნო დავების განხილვისას გადაწყვეტილების მიმღები კომისიები არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ სავარაუდო დამრღვევის ახსნა-განმარტებებს, რაც სხვადასხვა დარღვევების გამართლებისთვის გამოიყენება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს კანონის ვიწროდ განმარტების პრაქტიკა და განხილვისას იხელმძღვანელოს კანონის მიზნიდან გამომდინარე. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ მკაფიო რეაგირება უნდა მოახდინოს საარჩევნო კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ გასულ არჩევნებზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორსი კომისიის საქმიანობა გასცდა კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩარჩოებს და საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების არეალად გადაიქცა. ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია უწყებათაშორისი კომისია დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს და კანონით გაიწეროს კომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და შემდგომი რეაგირების მექანიზმები.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში გამართული სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უპრეცედენტო კოორდინირებული თავდასხმის პირობებში უწევდათ საქმიანობა, რასაც თან ახლდა სოციალურ ქსელებში მადისკრედიტირებელი კამპანიები. „ასეთი კოორდინირებული შეტევა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დელეგიტიმაციისა და დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს და სცდება ჯანსაღი კრიტიკისა და საქმიანი კომუნიკაციის სტანდარტებს, რაც მიუღებელია და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს,“ - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.
ანგარიშში საუბარია ზეწოლა-მუქარის ფაქტების მზარდ ტენდენციაზე, განსაკუთრებით მეორე ტურის წინ. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, რომ უნდა აღიკვეთოს საჯარო სამსახურში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისთვის ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების დავალების პრაქტიკა. ამასთან, დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა მოხდეს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ფიზიკური ძალადობის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის, არჩევნების გაყალბებისა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევების გამოძიება
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა, ასევე, 600,000 ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მცდელობა და მეორე ტურის წინ გაჟღერებული სხვა სამთავრობო ინიციატივები, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებდა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს 1,030 აკრედიტირებული დამკვირვებლის მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა. ორგანიზაციამ არჩევნების პერიოდში 4 შუალედური ანგარიში, ერთი გარემოს შეფასება და არაერთი განცხადება გამოსცა. არჩევნების დღეს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით (PVT) შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე ყველა საარჩევნო ოლში აკვირდებოდა.
ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED)დაფინანსებით. მისიას ასევე მხარს უჭერდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამასთან, არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება განხორციელდა ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ფონდ „ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის“ (EED)და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კონტრიბუციით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის, გერმანიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, NED-ის ან EED-ს პოზიციას.