პრესრელიზები

სამართლიანმა არჩევნებმა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა

21 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარადგინა 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში.

ანარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო მეტნაკლებად კონკურენტული, კენჭისყრის დღე ტექნიკურად, ძირითადად, კარგად ადმინისტრირებული. თუმცა, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას. საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს  არასათანადო რეაგირებამ. ორივე ტურზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა აღრიცხვის, ორგანიზებულად მიყვანის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და კენჭისყრისას დაფიქსირებული სხვა დარღვევები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე.  არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

არჩევნების წინ განხორციელებული საარჩევნო რეფორმის პირობებში გაუმჯობესდა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა. ცვლილებების შედეგად  ამოქმედდა საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების დანიშვნის უფრო სამართლიანი, პარიტეტზე დაფუძნებული, წესი. თუმცა, პრაქტიკაში, საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაზე კვლავ შენარჩუნდა მმართველი პარტიის გავლენა.

წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება.

მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. ტრადიციულ მედიაში არსებული მდგომარებოს გამო, ამომრჩეველი მოკლებული იყო ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, რაც გავლენას ახდენს  ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე; პოლარიზაციის ხარისხი დაბალი იყო ონლაინ გამოცემებში. ონლაინ მედიის  ნაწილი იცავდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების  პრინციპებს.

განსაკუთრებით პრობლემური იყო ჟურნალისტებისთვის, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიების სახეს ატარებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებელთა მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენება, ასევე, მედიამენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დავები, რაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.

წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, თუმცა არათანაბარი. მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით ფინანსურ, ადმინისტრაციულ და სხვა ტიპის რესურსებზე წვდომის გამო. აუდიტის სამსახურში მეორე ტურამდე წარგენილი დეკლარაციების მიხედვით, ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიიდან, მმართველი პარტიის შემოსავალი მომდევნო ოთხი პარტიის შემოსავლების ჯამს ორჯერ აღემატებოდა.

მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი, ტრადიციულად, ბუნდოვანი იყო. კვლავ შეიმჩნეოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები; საარჩევნოდ მოტივირებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაანონსება ან/და განხორციელება, უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში; საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიერ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობა, მათ შორის სოციალური ქსელით; 

კენჭისყრის პროცესი, ტექნიკური თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული,  თუმცა, ორივე ტურზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა ხანგრძლივი, საეჭვო შეკრებები, ამომრჩეველთა აღრიცხვის, მობილიზებისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც მიიჩნევა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმად.

არჩევნების მეორე ტურზე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო საარჩევნო უბნებში მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევის ფაქტები. გამოვლინდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა.

საგანგაშო და მასშტაბური სახე მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედმა პარტიულმა სადამკვირვებლო საქმიანობამ.  მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედი დამკვირვებლები ხშირად აზიანებდნენ საარჩევნო პროცესს, ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში, ხელს უშლიდნენ მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და ჩართულნი იყვნენ ამომრჩეველთა აღრიცვის და მათი ნების კონტროლში.

წინსაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად,  დაკვირვებაში  ხელშეშლასა და მტრული გარემოს შექმნაში გამოიხატებოდა. პრობლემური იყო დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის, მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების ზედაპირული განხილვის პრაქტიკა, როგორც, საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე, სასამართლოში.

საარჩევნო რეფორმის პოზიტიური სიახლე იყო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნების გადათვლის ვალდებულების შემოღება, თუმცა თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში  შესაბამისი უბნების მონაცემების პარალელურ რეჟიმში გადათვლა პროცესის სრულყოფილად მონიტორინგის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, კომისიები არ ითვლიდნენ ყველა საჭირო მონაცემს.

სასამართლო, ძირითადად, აგრძელებდა საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილ პრაქტიკას და საარჩევნო კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციის გზით იღებდა გადაწყვეტილებებს; სასამართლოს  გადაწყვეტილებები შაბლონური იყო და ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტს.

ცესკომ, წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, გააჭიანურა საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები დროულად იყო შეჯამებული. ამან 2017 წელს არჩეულ, ფაქტობრივად,  მანდატამოწურულ საკრებულოებს შესაძლებლობა მისცა, დაემტკიცებინათ მუნიპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტები. საკითხი პოლიტიკური დატვირთვის მქონე იყო, რამდენადაც ახალი მოწვევის საკრებულოების ნაწილში ძალთა ბალანსის შეცვლის გათვალისწინებით, ოპოზიციას ბიუჯეტის განსაზღვრაზე მეტი გავლენის მოხდენა შეეძლო.

დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.