პრესრელიზები

\"სამართლიანმა არჩევნებმა\" არჩევნების დღის სიმულაცია ჩაატარა

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ’’  (ISFED)  დღეს, 22 ოქტომბერს, არჩევნების დღის სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის - ხმების პარალელური დათვლის (PVT) - სიმულაცია ჩაატარა.  PVT არის არჩევნების დაკვირვების მოწინავე, ინოვაციური მეთოდოლოგია და აფასებს არჩევნების დღის პროცესს.  ,,სამართლიან არჩევნებს’’ წარმატებით ჩატარებული აქვს 7 PVT, მათ შორის 2003 წლის არჩევნების ისტორიული PVT. 

სიმულაცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმულაციამ წარმატებით ჩაიარა, რადგან დამკვირვებელთა 99,7%-მა ანგარიშგება წარმატებულად განახორციელა.

დღევანდელი სიმულაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილი გახლდათ და მიზნად ისახავდა PVT-ის 5 ძირითადი კომპონენტის დატესტვას: 1. სიმულაცია ტესტავდა კომუნიკაციის სისტემას; 2. სიმულაცია ტესტავდა დამკვირვებელთა ანგარიშგების უნარს; 3. სიმულაცია ტესტავდა მონაცემთა ბაზის მიერ SMS შეტყობინებების მიღებას; 4. სიმულაცია ტესტავდა, რამდენად სრულყოფილია ყველა შემოსული შეტყობინება; 5. სიმულაცია ტესტავდა შემოსული ინფორმაციის ხარისხს დახვეწილი მონაცემთა ბაზის საშუალებით. 

სიმულაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის თითოეული დამკვირვებლისთვის აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების დღის მაღალი ხარისხით დაკვირვების უზრუნველსაყოფად. ,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ დამკვირვებელთა ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და საჭირო მასალები ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს უკვე გადასცა. 
სიმულაცია ,,სამართლიან არჩევნებს’’ საშუალებას აძლევს, წინასწარ გამოავლინოს მოსალოდნები პრობლემები და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები არჩევნების დღემდე. სიმულაცია ხარისხის კონტროლის იმ მრავალი მექანიზმის ერთი კომპონენტია, რასაც ,,სამართლიანი არჩევნები’’ იყენებს უმაღლესი ხარისხის PVT-ის ჩასატარებლად.