პრესრელიზები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მეგობრის მოსაზრება წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად

2020 წლის 31 აგვისტოს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში სავალდებულო გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ცვლილების მხარდასაჭერად.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით სადავოს ხდის „საარჩევნო კოდექსის“ იმ ნორმას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის გასამართ საპარლმანეტო არჩევნებამდე პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს ვალდებულებას პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით აღნიშნული ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ პასიურ საარჩევნო უფლებას და პოლიტიკური პარტიის პარტნიორებისა და მხარდამჭერების უფლებას პარტიული სია საკუთარი სურვილის საფუძველზე დააკომპლექტონ.[1]

„სამართლიანი არჩევნები“ არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტებს და  სავალდებულო, დროებითი გენდერული კვოტირების არსებობას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად კონსტიტუციის შესაბამის მექანიზმად მიიჩნევს. წლების განმავლობაში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა ვერ ქმნიდა სათანადო გარანტიებს იმისთვის, რომ ქალების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია მომხდარიყო, რითაც მათი მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობის პროცესში მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული.[2] ამას ადასტურებს არაერთი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქალთა წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, 1992 წელს იგი 6,22%-ს, ხოლო 2016 წელს 14%-ს შეადგენდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 150 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს. დღეს არსებული მდგომარეობით, პარლამენტის მხოლოდ 22 წევრია ქალი (14,8%). რაც შეეხება ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობას, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ქალთა წარმომადგენლობა მუნიციპალურ დონეზე 11.1%-ს შეადგენდა,[3] 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აღნიშნული მონაცემები თითქმის არ შეცვლილა და 11.6%-ი გახდა. 2017 წელს ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ ქალთა რაოდენობა მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა და 13,5% შეადგინა. ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, არაეფექტური აღმოჩნდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოში არსებული ე.წ ფინანსური წამახალისებელი ნორმა, რომელიც გენდერული ბალანსის დაცვის შემთხვევაში საბაზისო დაფინანსებაზე დანამატის არსებობას ითვალისწინებს.

პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობას სათანადო გავლენის მისაღწევად მნიშვნელოვანია არჩევით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობამ გარკვეულ ნიშნულს ე.წ კრიტიკულ მასას მიაღწიოს.[4] ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს პარლამენტში 30-დან 35%-მდე ქალთა წარმომადგენლობის არსებობას, ხოლო ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას შეეხება აღნიშნულია, რომ ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე არ უნდა იყოს 40%-ზე დაბალი.[5]

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გენდერული კვოტების შემოღება მნიშვნელოვანი სიახლე და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის და წარმომადგენლობის გასაზრდელად. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით არსებული მექანიზმის არსებობას საარჩევნო კანონმდებლობაში, რაც ქალთა პოლიტიკური უფლებებისთვის დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა და წარმოადგენს ეფექტურ ზომას სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

 

 

-----

[2] რატომ არის საჭირო გენდერული კვოტები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2018 წელი,  http://www.isfed.ge/geo/politikis-dokumentebi/ratom-aris-sachiro-genderuli-kvotebi

[3] სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კვლევა, 2014 წელი: https://isfed.ge/geo/tvitmmartvelobebi/isfed-is-kvlevis-mikhedvit-qvela-sakrebuloshi-shemashfotebeli-genderuli-disbalansia

[4]  Rethinking Women’s Substantive Representation Karen Celis, Sarah Childs, Johanna Kantola, and Mona Lena Krook Paper prepared for the European Consortium for Political Research, Joint Sessions of Workshops, Helsinki, Finland, May 7-12, 2007, გვ. 9

[5]  Recommendation Rec (2003) 3 adopted by the Committee of Ministers of the Council of Europe on 12 March 2003 and explanatory memorandum, https://rm.coe.int/1680519084, ბოლო ნახვა: 2.07.2020;