პრესრელიზები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსიას უმასპინძლა

9 დეკემბერს, EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის პარალელურად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) უმასპინძლა დისკუსიას „ქართული დემოკრატიის პერსპექტივა და 2020 წლის არჩევნები საქართველოში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტარებმა და ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. „სამართლიანი არჩევნების“ ეგიდით გამართული ეს დისკუსია მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით ინიცირებული დიალოგის შემდეგ პირველი მსგავსი ღონისძიება იყო. შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობას და ქვეყანაში შექმნილი ჩიხური პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობას.

„სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიტიკური პროცესი ერთგვარ ჩიხში შევიდა. ამ ვითარებიდან გამოსასვლელად და პარტიებს შორის ნდობის აღსადგენად მნიშვნელოვანია მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების გზების გამოძებნა. მისასალმებელია, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანდასწრებით კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისათვის აუცილებელია საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება და სათანადო ცვლილებებისათვის ხელისუფლების მხრიდან მზაობა“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა კარლ ჰარცელმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა) და ევროპარლამენტარი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელი, ნაჩო სანჩეზ ამორი (ესპანეთი). ქართველ პოლიტიკოსებს შორის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ირაკლი კობახიძემ, გრიგოლ ვაშაძემ, სერგი კაპანაძემ, ეკა ბესელიამ და დავით უსუფაშვილმა.

 

ღონისძიება გაიმართა ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით