„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა
28 ივლისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ 2016-2019 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტში შესწავლილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი (ხელფასი, დანამატი და პრემია/ფულადი ჯილდო) და არსებული პრაქტიკა. ანგარიშის მიზანია გააანალიზოს, რა პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით და რა გამოწვევების წინაშე დგას ამ მიმართულებით დაწესებულება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში გაცემული პრემიის/ჯილდოს და სახელფასო დანამატის ოდენობა ცვალებადია, რის გამოც გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხდება გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო თვეებში, გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, ხდება დანამატის გაცემაც, რისი მიზნობრიობაც გაურკვეველია, რადგან კანონით განსაზღვრული გაორმაგებული სარგო სწორედ არანორმირებული სამუშაო გრაფიკის გამო გაიცემა.
ცესკოს თანამდებობის პირებზე და ცესკოს წევრებზე 2016-2017 წლებში ხშირად გაიცემოდა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში თითქმის თანამდებობრივი სარგოს ტოლი ან უფრო დიდი რაოდენობის პრემია ან დანამატი, მაშინ როცა საარჩევნო თვეებში ისინი ისედაც გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ. მსგავსი 2019 წელს მხოლოდ ივნისის თვეში ფიქსირდება.
2018 და 2019 წლებში ჯილდოს და დანამატის გაცემის სიხშირე და მოცულობა შემცირებულია, რაც პოზიტიურ ტენდენციას წარმოადგენს. მაგალითად, ცესკოს თანამდებობის პირების მიერ მიღებული დანამატის წილი ჯამურ ანაზღაურებაში 2016 წლიდან 2019 წლამდე 32.3%-დან 12.1%-მდე შემცირდა, ხოლო პრემიის/ჯილდოს წილი - 16.2%-იდან 1.2%-მდე. თუმცა ეს ცვლილება მოხდა თანამდებობრივი სარგოს გაზრდის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატი და პრემია/ჯილდოზე გამოყოფილმა თანხებმა თანამდებობრივ სარგოში გადაინაცვლა.
თანამდებობრივი სარგოს მატების კრიტერიუმები, პერიოდულობა და პროცენტული მოცულობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მოხდა სარგოს მატება 2018 წელს. მაგალითად, თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობრივი სარგოები შესაბამისად 55%-ით, 68%-ითა და 70%-ით გაიზარდა, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - 65%-ით და ა.შ.
შტატით მომუშავეების შემთხვევაშიც 2018-2019 წლებში კლების ტენდენცია ფიქსირდება ჯამურად მიღებული დანამატის და პრემია/ჯილდოს წილის თანამდებობრივ სარგოსთან მიმართებით. თუმცა, თუკი 2016-2018 წლებში თანამდებობის პირების, ცესკოს წევრების და შტატით მომუშავეების დანამატის წილი თითქმის იდენტური იყო, 2019 წელს შტატით მომუშავეების მიერ მიღებული დანამატის წილი (7%) 2-ჯერ ნაკლებია თანამდებობის პირებისა და ცესკოს წევრების დანამატის წილზე (14%). პრემიის წილის მხრივ საანგარიშო წლების მიხედვით განსხვავება თითქმის არ შეიმჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკო დადგენილებით აწესრიგებს ფულადი სახსრების განაწილების წესს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რაც მათ მიერ მოთხოვნის ფორმების წარდგენის შემდეგ განისაზღვრება, არ არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ და განჭვრეტად ჩარჩოებში მოაქცევს.
არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დახმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს.
არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით.
საოლქო კომისიების წევრების მიერ მიღებულ ჯამურ ანაზღაურებაში დანამატისა და პრემია/ჯილდოს წილი ბევრად ნაკლებია თანამდებობის პირების და კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის და პრემია/ჯილდოს წილზე. მაგალითისთვის, 2016 წელს საოლქო კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის წილი ჯამურ ანაზღაურებასთან მიმართებით 8-ჯერ, ხოლო პრემიის წილი 3-ჯერ ნაკლები იყო თანამდებობის პირების და კომისიის წევრების მიერმიღებული დანამატის და პრემიის წილზე. 2017 და 2018 წლებში სხვაობა იკლებს, მაგრამ 2019 წელს კვლავ იმატებს, როცა საოლქო კომისიების წევრების მიერ მიღებული დანამატის წილი (0.5%) 24-ჯერ ნაკლებია თანამდებობის პირების და კომისიის წევრების მიერ მიღებული დანამატის წილზე (12%).
საჯარო ინფორმაციისა და კანონმდებლობის ანალიზთან ერთად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიმუშავა სამართლებრივი შინაარსისა და მონაცემთა გამჭვირვალობის სტანდარტისათვის შესაბამისი რეკომენდაციები, კერძოდ:
- საარჩევნო პერიოდში მიღებული გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოს პარალელურად არ უნდა გაიცეს დანამატი;
- სასურველია განისაზღვროს დანამატის გაცემის პერიოდულობა;
- უნდა განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს მატების პროცენტულობა და პერიოდულობა როგორც კომისიის წევრებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის;
- მნიშვნელოვანია კანონმდებლობით განისაზღვროს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც ცესკო იხელმძღვანელებს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ფულადი სახსრების განაწილების წესის დადგენისას;
- სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელებს, ერთი მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ქვედა და ზედა ზღვარის განსაზღვრისას და მეორე მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ განსაზღვრული ზღვრული ოდენობების ფარგლებში კონკრეტული ანაზღაურების დადგენისას თითოეული პოზიციისთვის;
- ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების შესახებ მონაცემების დამუშავება და გაცემა უნდა ხდებოდეს ჩაშლილად - დაკავებული პოზიციის მიხედვით და არა კრებითი სახით;
- ცესკოს თითოეული წევრის თანამდებობრივი სარგო, დანამატი და ჯილდო უნდა იყოს საჯარო ისევე როგორც ეს არის ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის შემთხვევაში.
დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და შესაძლოა არ გამოხატავდეს NED-ის შეხედულებებს