,,სამართლიანმა არჩევნებმა\" წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშს.
ანგარიში მოიცავს 2013 წლის 1 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. ორგანიზაცია მონიტორინგის პროცესში ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით, რაც პროცესის სრულყოფილად, ობიექტურად და გამჭვირვალედ დაკვირვებას გულისხმობს.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღიდან 19 ივლისამდე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არსებულ რისკებზე, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლა/მუქარის შემთხვევებზე, პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობის შეხვედრებზე, საარჩევნო სიებზე.
I. კანდიდატების/პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობა
პოლიტიკური პარტიები და საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო ხასიათის აქტიურობა ჯერჯერობით არ არის მაღალი. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2013 წლის პირველი ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში პოლიტიკური პარტიებისა და მათი კანდიდატის მიერ 24 საჯარო შეხვედრა გაიმართა. თუ აღნიშნულს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ პარტიები შარშან გაცილებით აქტურები იყვნენ, ვიდრე წელს. 2012 წელს ივლისის თვეში ორგანიზაციის დაკვირვებით სხვადსხვა რეგიონში პარტიებმა 174 შეხვედრა გაიმართა, რაც საკმაოდ აღემატება 2013 წლის ივლისის თვეში გამართული საჯარო შეხვედრების რაოდენობას.
ორგანიზაცია დადებითად აფასებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშველის მიერ კამპანიაში მონაწილეობის მოტივით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს და მიაჩნია, რომ საქართველოში მაღალი პოლიტიკურ-სამართლებრივ კულტურის დამკვიდრების, თანაბარი საარჩვნო გარემოს უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ თანამდებობიდან გადადგომა მისასალმებელი მოვლენაა.
II. სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლა
საანგარიშო პერიოდში „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა 2 ფაქტი, როდესაც მოქალაქეები სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის თაობაზე საჯაროდ საუბრობდნენ. ორივე მათგანი შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორსა და კასპში მოხდა. ერთ შემთხვევაში ზეწოლა გამოიხატა პოლიტიკური აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფორმაში, ხოლო მერე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკრებულოს დეპუტატის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მუქარას.
III. ადმინისტრაციული რესურსები
საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ კამპანიის დაწყებამდე უკვე დაანონსებული იყო სახელმწიფო პენსიებისა და სოციალური დახმარებების ზრდის თაობაზე, რომელსაც 2013 წლის 1 ივლისიდან და 1 სექტემბრიდან უნდა ჰქონდეს ადგილი. წარსულში არჩევნებზე ხშირად ქონდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, როდესაც სოციალური პროექტების დიდი ნაწილის დაწყება წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვეოდა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმებოდა. შესაბამისად, აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სახელმწიფო ბუჯეტის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საფრთხეს.
იმისათვის, რომ სახელმწიფო სოციალური პროექტები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ იქნეს აღქმული, საჭიროა ხელისუფლებამ უზრუნველყოს მკაფიო გამიჯვნა სახელმწიფო ამოცანებსა და პარტიულ ინტერესებს შორის. ამისათვის, სახელმწიფო სოციალური პროექტების რეკლამირებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებებობის პირების აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.
IV. ამომრჩევლის მოსყიდვა
„საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციას ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები არ დაუფიქსირებია. მიუხედავად აღნიშნულისა, გვსურს ყურადღება გავამახვიოთ ერთ-ერთ საკითხზე, რაც შესაძლებელია შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ან მომავალში შესაძლოა ამ მხრივ პრობლემატური გახდეს. საქმე ეხება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ფონდი „ქართუს“მიერ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ფინანსურ მხარდაჭერას.
ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია“, რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას. საზოგადოების მხრიდან საარჩევნო მიზნების მქონე პირთან ასოცირებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის მატერიალური დაინტერესებისკენ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიერ დადგენილი შეზღუდვებს და მიზნებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გართიანებების შესახებ“ კანონის პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში საერთაშორისო საქაველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ შეაჩეროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფორნდში“ ფინანსური და სხვა მატერიალური/არამატერიალური კონტრიბუციის განხორციელება და ამ კონტრიბუციის საფუძველზე მოქალაქეთათვის სხვადასხვაგვარი მატერიალური დახმარების გაწევა, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.
V. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, შემთხვევები, როდესაც, როგორც ცესკოს მიერ არჩეული, ასევე პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული დროებითი წევრები იმავდროულად დასაქმებულნი არიან სხვა საჯარო სამსახურში. მათი ერთდროულად პირვანდელ საჯარო სამსახურსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმიანობა ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნას სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. შესაბამისად, იმ საჯარო მოსამსახურეებმა, რომელთა წინაშეც აღნიშნული შეუთავსებლობის საკითხი დგას, უნდა გააკეთონ არჩევანი მათ მუდმივ სამსახურსა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრობას შორის.
სულ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ იქნა 26 მსგავსი შემთხვევა სხვადასხვა საარჩევნო ოლქში.
VI. საარჩევნო სიები
ცესკოს მონაცემებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3,537,249 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. კერძოდ, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი იმ ამომრჩევლების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილი არიან, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლიათ ახალ მისამართზე. ცესკოს მონაცემების მიხედვით ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 000 ამომრჩეველს აღწევს.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სია დაუყოვნებლივ საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. ამასთან, დაიწყოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის აღნიშნულ სიაში გადაამოწმებისა და ხელახალი რეგისტრაციის გავლის მიზნით. ამისათვის სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს ამომრჩევლები. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე, რეგისტრაციაგაუქმებული ამომრჩევლების პრობლემის მოგვარების მართებულ გზას გვთავაზობს.
ორგანიზაცია მომდევნო ანგარიშს აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნებს.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.
ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.