პრესრელიზები

სოციალური მედია, როგორც გამოწვევა საარჩევნო პროცესისთვის

19 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ გამართა დისკუსია „სოციალური მედია, როგორც გამოწვევა საარჩევნო პროცესისათვის“.

ღონისძიების მსვლელობისას ISFED-მა წარმოადგინა სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს ღირებულებით საკითხებზე პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი Facebook გვერდების შესწავლის საფუძველზე გამოვლენილ აქტივობებს, ასევე ამ გვერდების გზავნილების ანალიზს პოლიტიკურ დისკურსთან და საარჩევნო პროცესებთან თანხვედრაში. 

„საარჩევნო პერიოდში მთავარ გამოწვევას ანონიმური გვერდების მიერ დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით წარმოებული ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია და ამ მიზნით დახარჯული თანხების გაუმჭვირვალობა წარმოადენდა. თუმცა ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანია იმ პროპაგანდისტული ნარატივების ანალიზი, რომელიც არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური პროცესების გამოძახილს, არამედ გეგმაზომიერ დეზინფორმაციულ და საინფორმაციო კამპანიას წარმოადგენს და მიმართულია ირაციონალური შიშების, ანტიდასავლური და ანტილიბერალური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობების გასაღვივებლად“, - განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატეგიულიკომუნიკაციის ოპერაციული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანელი აჰონენმა, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავებაც დღეს ევროკავშირს უწევს - დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს სხვადასხვა ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევის მიზნით.

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს საარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის გამოყენების საკითხებზე, ასევე განიხილეს ISFED-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტორების მიმართ.