პრესრელიზები

თერჯოლის გამგეობაში მიმდინარე კონკურსის გასაუბრებაზე ISFED-ის დამკვირვებელი არ დაუშვეს

31 იანვარს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი თერჯოლის გამგეობაში მიმდინარე კონკურსის გასაუბრებებეზე მონიტორინგის განსახორციელებლად არ დაუშვეს. ორგანიზაციის დამკვირვებლის ინფორმაციით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაკორექტულ მიდგომას და სიტყვიერ მუქარას შენობაში მყოფი არაუფლებამოსილი პირებისგან, რომლებიც საატესტაციო-საკონკურსო კომისიის წევრებს არ წარმოადგენენ. კერძოდ,  გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ბესარიონ სოფრომაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ელისო ჟორჟოლიანმა და საკრებულოს წევრებმა გია ლილუაშვილმა და ალექსნდრე ზალკანიანმა რამდენჯერმე არაკორექტულად მიმართეს დამკვირვებელს, შენობის დატოვება მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ შენობის არდატოვების შემთხვევაში, გამოიძახებდნენ სამართალდამცავებს.  

აღსანიშნავია, რომ დამკვირვებელი არ იმყოფებოდა გასაუბრების ოთახში, არამედ მუნიციპალტიტეტის შენობაში და საატესტაციო-საკონკურსო კომისიისაგან ითხოვდა ოფიციალურ ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ არ აძლევდნენ გასაუბრებაზე დასწრების ნებართვას და აღნიშნავდა, რომ პასუხის მიღების შემდეგ დატოვებდა შენობას.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში თავდაპირველად შეიქმნა კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გურგენიძე. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, აღნიშნული კომისია დაიშალა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა და კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე. 

საკრებულოში შემქნილი ძველი საკონკურსო-საატესტაციო კომისიისგან „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მიწოდებული წერილის პასუხად მივიღეთ ნებართვა ატესტაცია-კონკურსის ყველა ეტაპზე მონიტორინგის განსახორციელებლად. ახალი კომისიის შექმნის შემდეგ, ჩვენი დამკვირვებელი დაუკავშირდა კომისიის თავმჯდომარეს თეიმურაზ ჯაფარიძეს, რათა დაეზუსტებინა ორგანიზაციის გასუბრებებზე დასწრების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარემ  გასაუბრებებზე დასწრების ზეპირი თანხმობა მოგვცა, ორგანიზაციამ შეიტანა ოფიციალური წერილი, რომლის პასუხადაც მოგვაწოდეს მხოლოდ გასაუბრებების განრიგი, თუმცა ორგანიზაციის გასაუბრებებზე დასწრების ნებართვის შესახებ წერილში ინფორმაცია მითითებული არ იყო.  აღსანიშნავია, რომ გასაუბრებებზე დასასწრებად გამგეობაში მისულ დამკვირვებელს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, რომ მათთვის არ იყო მიწოდებული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დასწრების შესახებ. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჯაფარიძემ, რომელსაც დამკვირვებელმა შეახსენა მათი საუბრის და მისგან მიღებული ზეპირი თანხმობის შესახებ, განაცხადა, რომ კომისიის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა და ვერ მისცემდა გასაუბრებაზე დასწრების უფლებას.

გასაუბრებებზე დასწრების უფლება არ მისცეს არც თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომელმაც ერთი დღით ადრე მიმართა საატესტაციო-საკონკურსო კომისიას აღნიშნული ნებართვის მისაღებად. მისივე განცხადებით, თერჯოლის საატესტაციო-საკონკურსო კომისია პრაქტიკულად კომისიის თავმჯდომარისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მას განაგებენ არაუფლებამოსილი პირები.

ვთვლით, რომ თერჯოლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევებში, სადაც შეგვიზღუდეს დაკვირვების უფლება, უკანონოა და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორგანიზაციას უკვე მიღებული ჰქონდა თანხმობა თერჯოლაში მიმდინარე ატესტაციებისა და კონკურსების ნებისმიერ ეტაპზე მონიტორინგის განსახორციელებლად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არაუფლებამოსილ პირებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ატესტაციისა და კონკურსების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და  მოახდინონ ზეწოლა დამკვირვებლებზე.