პრესრელიზები

ცვლილებები მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ფიზიკური დაპირსპირების ფაქტები ISFED-ის პირველ ანგარიშში

8 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 24 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 82 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. 

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების 2; ზეწოლა-მუქარის 2; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებიის დაკომპლექტება გარკვეული ხარვეზებით წარიმართა 8 საარჩევნო ოლქში. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა, საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა.
 
მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს ის, რომ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა. აღნიშნული ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საარჩევნო პერიოდში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების გააქტიურება და მათი დაფინანსების ზრდა მიმართულია არჩევნების წინ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის გასაზრდელად მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო სოციალური ქსელით თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანია სავარაუდოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარკვეული გვერდების გააქტიურება, რომელთა მეშვეობითაც თბილისის მერობის სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დასპონსორებული პოსტები ვრცელდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, მსგავსი ფორმით წარმოებული კამპანია წინასაარჩევნო აგიტაციაა და უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს. 

ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპექტების პროცესი ცალკეულ ოლქებში. სამართლიანი არჩევნების დაკვირვებით, რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაუმჭვირვალე იყო და კითხვის ნიშნებს აჩენდა. ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიები არ ითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ ცალკეულ კანდიდატებს გასულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობები და მათ კვლავ ირჩევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. 

პირველ შუალედურ ანგარიშში, ასევე მოცემულია რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისადმი, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის, აუდიტის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობისადმი. 

ვრცლად წინასაარჩევნო დარღვევებისა და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილ ტენდენციებზე წაიკითხეთ პირველ შუალედურ ანგარიშში







ანგარიშის  მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან NED-ის შეხედულებებს.