უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი 14:00 საათისთვის
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე არიან წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რიგ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები. ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას. ამ ეტაპზე, დარღვევების სიმრავლით გამოირჩევა მარნეულის #68 საარჩევნო უბანი, სადაც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის გარდა, დაფიქსირდა ბიულეტების ჩაყრა და სხვადასხვა პროცედურული დარღვევები. ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა დაფიქსირდა მარნეულისა და ზუგდიდის ცალკეულ საარჩევნო უბნებზე.
უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღრიცხავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია მთაწმინდის და ზუგდიდის ყველა (100%) უბნიდან და მარნეულის საარჩევნო უბნების 98.9%-დან მიიღო.
მთაწმინდის საარჩევნო უბნების 100%-ზე, მარნეულის საარჩევნო უბნების 97.8%-ზე, ზუგდიდის საარჩევნო უბნების 97.2%-ზე, ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შეუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა.
პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად იყო მთაწმინდის საარჩევნო უბნების 100%, მარნეულის საარჩევნო უბნების 97.8% და ზუგდიდის საარჩევნო უბნების 98.1%.
დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ იხილეთ ქვემოთ.
დარღვევები
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა
- მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. კომისია იმგვარად არის განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდებთან, რომ პროცესზე დაკვირვება შეუძლებელია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება შეუზღუდა. ამავე უბანზე, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ, კომისიამ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების შესახებ ოქმის შედგენა განიზრახა.
- ზუგდიდის #44 და #100 საარჩევნო უბნებზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დროულად არ დაუშვეს და შეუზღუდეს სრულყოფილად დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა.
- ზუგდიდის #70 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის წევრმა შეუზღუდა ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება, რათა მას არ დაეფიქსირებინა უბანზე არსებული არეულობა.
ბიულეტენების ჩაყრა
- მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბიულეტენი.
არეულობა უბანზე
- ზუგდიდის #97 საარჩევნო უბანზე იყო არეულობა და დაპირისპირება კომისიის თავმჯდომარესა და უბანზე მყოფ პირებს შორის. უბანზე გამოიძახეს პოლიცია რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.
საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა
- მარნეულის #89-ე უბანზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა კომისიის საქმიანობა შეაფერხა. იგი ერთ-ერთ ამომრჩეველს ადანაშაულებდა არაერთგზის ხმის მიცემაში, თუმცა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მოქალაქეს მარკირება არ აღენიშნებოდა და იგი 89-ე უბნის სიაში ნამდვილად ირიცხებოდა. პარტიის წარმომადგენელმა კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცყოფაც მიაყენა. მოგვიანებით, სიტუაცია განიმუხტა და ამჟამად საარჩევნო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
არაუფლებამოსილი პირები კენჭისყრის შენობაში
- ზუგდიდის #1, #10, #16, #44, და #78 უბნებზე აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდნენ, მათი თქმით ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებდნენ ფოტო-ვიდეო გადაღებას.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- ზუგდიდის #63 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა სარეგისტრაციო მაგიდასთან.
- მარნეულის #84 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა დახმარება კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩეველი.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
- მარნეულის #52-ე უბანზე იმყოფებოდა უცნობი პირი, რომელიც მდივანს რეგისტრაციაში არ გაუტარებია. აღნიშნული პირი, ერთ-ერთ დამკვირვებელს ხმის მიცემის პროცესში კარნახობდა, რომ უნდა შემოეხაზა „41“. ამ ფაქტის შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ პირი საარჩევნო უბნიდან გააძევა. შესაბამისი საჩივრები წარდგენილია სარჩევნო უბანსა და ოლქში
რეგისტრატორის მიერ ზედმეტი ბიულეტენის გაცემა
- ზესტაფონის #44 საარჩევნო უბანზე, ხულოს #1 საარჩევნო უბანზე და ოზურგეთის #57 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს გადასცეს 3 ზედმეტი ბიულეტენი.
- ზუგდიდის #90 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა გასცეს 5 ზედმეტი ბიულეტენი.
პროცედურული დარღვევები
- მარნეულის #25-ე საარჩევნო უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით. დამკვირვებლის შენიშვნის შემდგომ, კომისიამ ხელახლა, პროცედურების დაცვით ჩაატარა ორივე წილისყრა.
- ზუგდიდის #18 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა საარჩევნო ბიულეტენს ხელი არ მოაწერა და არ დაამოწმა კომისიის სპეციალური ბეჭდით.
- ზუგდიდის #3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენი საარჩევნო ყუთშიკონვერტის გარეშე ჩააგდო.
- მარნეულის #10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრება 5 ამომრჩეველზე ბიულეტენები კომისიის ხელმოწერების გარეშე გასცეს.
- ხულოს #8 და მარნეულის #25 საარჩევნო უბნებზე ერთიან სიაში არ იყო აღნიშნული გადასატანი ყუთის სიაში შეტანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია.
- მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები წილისყრით განსაზღვრულ ფუნქციებს ერთმანეთში რეგისტრაციის გარეშე ცვლიან.
მარკირების წესის დარღვევა
- მარნეულის #84 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებიდან სისტემატური სახე აქვს მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემას.
უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩეველთა აღრიცხვა
- ადიგენის #2 საარჩევნო უბანთან ამომრჩეველთა სიებით ხდება უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა.
- მთაწმინდის #1, #22 და #25 უბნებზე ნაკადის მარეგულირებელთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“-ს აკრედიტირებული დამკვირვებლები მოსული ამომრჩევლების პირადობის მოწმობებს ამოწმებდნენ და შემდგომ ტელეფონის გამოყენებით, მათ ვინაობას დაუდგენელ პირებს გადასცემდნენ.
- ოზუგეთის #57, ზუგდიდის #94, ხულოს #32 საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს.
- ჭიათურის საარჩევნო ოლქის #19 და #58 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება როგორც “ქართული ოცნების” ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.
- მარნეულის #21 საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ამომრჩევლის პირად ნომერს იწერდა სიიდან, რაზეც “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიამ მოახდინა რეაგირება და პირმა შეწყვიდა მონაცემების აღრიცხვა.
„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი ან პასპორტი.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის ოლქებში, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, პატივი სცენ საარჩევნო პროცედურებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვას და ამომრჩეველთა ნების თავიუსფლად გამოვლენას.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გარეთიანებული სამეფოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.