პრესრელიზები

უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი - 14:00

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 9 ივნისის პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს .  

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები წარმოდგენილი არიან მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 

 

ძირითადი მიგნებები

„სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მთაწმინდის ოლქის ყველა (100%) საარჩევნო უბანი მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 8:00 საათისთვის.

დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

ტენდენციის სახით შეინიშნება, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით.

#11 საარჩევნო უბანზე აღნიშნულს ახორციელებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მრავალეთნიკური ერთობა“ წარმომადგენელი; #18 და #32  საარჩევნო უბნებზე - „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი; #22 საარჩევნო უბანზე - „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელი; #33 საარჩევნო უბანზე - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ წარმომადგენელი.  

#12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა. 

#3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი. 

 

„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისია ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს შვეიცარიის მთავრობის შეხედულებებს.