პრესრელიზები

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.  

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა ქუთაისის თვითმმართველი ქალაქის, ასევე, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.  

პირველი ტურის მსგავსად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.  

11:00 საათისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს ინფორმაციას უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

 

ძირითადი დასკვნები  

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.  

ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 3 საჩივარი, 2 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 1 შენიშვნა. 

 


დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით  

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. 

ორგანიზაციის ყველა (100%) დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად პირველი ტურის არჩევნების მონაცემის (99.7%) მსგავსია . 

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისიგან (99.3%). 

ყველა (100%) საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მსგავსია არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან (99.7%). 

საარჩევნო უბნების 0.9%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა, რაც სტატისტიკურად მცირედ გაუმჯობესებული მაჩვენებელია არჩევნების პირველი ტურთან შედარებით (2.7%). 

 
დარღვევები  

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა:  
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა;  
• #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #12 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინის გარეთ, რეგისტრატორის მაგიდაზე, შემოხაზა. 

მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა:  
• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მარკირების შემოწმებას კენჭისყრისთვის განკუთვნილი ოთახის გარეთ ახორციელებდა. აღნიშნულის გამო, უბანზე მყოფ დამკვირვებელს არ მიეცა მარკირების შემოწმების პროცედურაზე დაკვირვების შესაძლებლობა. საარჩევნო უბანზე საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: 
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს. აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 

არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება: 
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი რეგისტრატორის ფუნქციას ასრულებდა, მუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, პარტიის მიერ საარჩევნო კომისიებიდან წევრების გამოწვევის გამო. 


“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.  


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.მისია ასევემხარს უჭერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფონდიეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება ხორციელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კონტრიბუციით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებსდა შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის, ბრიტანეთის საელჩოს ან NED-ის  შეხედულებებს.