პრესრელიზები

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თვითმმართველობის არჩევნებზე

უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 80 მობილური ჯგუფი.  დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 15 ივნისის არჩევნები რიგით მერვეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასებისა და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:
 ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
 11 თვითმმართველ ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები - 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. 

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი გაუმჯობესებულია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს  მიეცა უბანზე შესვლისა და დაკვირვების განხორციელების საშუალება. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად იყო საარჩევნო უბნების 98.7%   მაშინ, როცა 2013 წელს უბნების 95.7% იყო მზად. ეს მონაცემები ახლოს არის 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემთან, როდესაც საარჩევნო უბნების  99.8% მზად იყო 08:00 საათისთვის პირველი ამომრჩევლის მისაღებად.

 


დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით  

,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო PVT-ის დამკვირვებლის 99.7 % -სგან. 
,,სამართლიანი არჩევნების’’ ყველა დამკვირვებლებს (100%) მიეცა შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს, ხოლო 2013 წელს დამკვირვებლებს საარჩევნო უბნების 99.8%-ზე მიეცათ უბანზე თავისუფლად დაკვირვების საშუალება.

საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე არ დაფიქსირებულა უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დარღვევები. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც უბნის გახსნის დროს მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.  

უბნის გახსნის პროცესი ასევე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით ჩატარდა თვითმმართველ ქალაქებშიც. არც ერთ ქალაქში არ გამოვლენილა ქვეყნის მასშტაბით გამოკვეთილი ტენდენციებისგან განსხვავებული სურათი. 

დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ იხილეთ ქვემოთ. 
დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 საარჩევნო მასალების გატაცების 1 შემთხვევა: მარტვილის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან გატაცებული იქნა საარჩევნო დოკუმენეტაცია (ბიულეტენები, ბეჭდები). ამ დროისათვის დადგენილია გადატებული მასალის ადგილმდებარეობა. მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 380 ამომრჩეველი. ჩვენი დამკვირვებელი იმყოფება მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში და აკვირდება მოვლენების განვითარებას; 
 უბანზე აგიტაციის 1 შემთხვევა: ამომრჩეველი ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა 41 ნომრიანი მაისურით; 
 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა: სიღნაღის #1 და #30 უბანზე არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმყოფებიან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსით. ხოლო ასპინძის #1 საარჩევნო უბანზე ნინო ბურჯანაძე - ერთიანი   ოპოზიციის კანდიდატი საარჩევნო უბანზე იმყოფება დამკვირვებლის სტატუსით. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს  უფლება არა აქვს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში. ასევე კანდიდატს არ აქვს უფლება ჰქონდეს დამკვირვებლის სტატუსი. 
 პროცედურის დარღვევა, რამაც ბიულეტენების ბათილობა გამოიწვია: ზუგდიდის ოლქის 89-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კომისიამ არ მოათავსა საკონტროლო ფურცელი, რის შედეგადაც, პროცესი შეყოვნდა, გაბათილდა 5 ბიულეტენი, საარჩევნო ყუთი განმეორებით დაილუქა და კენჭისყრა გაგრძელდა; 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 9 საჩივარი.


სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 20 ოპერატორის, 20 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.

სამართიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.