პრესრელიზები

ზეწოლა-მუქარის და წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტები ISFED-ის მესამე ანგარიშში

9 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში  8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში, კოდექსით დადგენილი განსაკუთრებული საარჩევნო რეჟიმი ამოქმედდა და წინასაარჩევნო კამპანიაც შესამჩნევად გააქტიურდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ანგარიშში მოყვანილ რიგ ფაქტებთან დაკავშირებით იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 

ასევე გამოვლინდა კამპანიისთვის ხელის შეშლის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევებიც, რაც საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები, რასაც კამპანიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ადგილი არ ქონია. 

საანგარიშო პერიოდში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7,  სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი გამოვლინდა.

გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ცესკოს მიერ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის პრაქტიკაში. „ცენტრისტების“ სარეგისტრაციო დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცესკომ არასაკმარისი და არასანდო დოკუმენტაციის საფუძველზე დაარეგისტრირა პარტია. საჯარო რეესტრის მონაცემებით ვლინდება, რომ სავარაუდოდ კიდევ ერთი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არსებობს. ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ცესკოს 24 აგვისტოს #60/2016 დადგენილება, რომლის საფუძველზეც ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო ნომერი განსხვავებული საარჩევნო წესით მიენიჭა.

ხარვეზებით წარიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტების პროცესი, რამაც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრები წინასწარ არსებული სიების მიხედვით შეარჩიეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. 

ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიან დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 68 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ასევე აქვეყნებს საქართველოს არჩევნების პორტალის ინციდენტების ინტერაქტიულ რუკაზე მისამართზე: http://www.electionsportal.ge/.  
არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავადაც გამოაგზავნოს სავარაუდო საარჩევნო დარღვევის შესახებ ინფორმაცია SMS-ის მეშვეობით უფასო ნომერზე 90039 ან ვებ-პორტალზე: http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.