პრესრელიზები

ზუგდიდში თვითმმართველობის მაჟორიტარული შუალედური არჩევნების შეფასება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 13 მაისის #67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს 3 საუბნო, 1 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 1 მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდა. 

2018 წლის 13 მაისის შუალედურ არჩევნებზე მთავარ სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხმის დათვლის ელექტრონული მანქანების პილოტირება წარმოადგენდა. აღსანიშნავია ის, რომ ელექტრონული ხმის დათვლის შედეგები მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იყო და იურიდიული ძალა მხოლოდ კომისიის წევრების მიერ დათვლილ შედეგებს ჰქონდა. 

ამასთან, მოცემულ არჩევნებზე ელექტრონული ხმის დათვლის აპარატების გამოსაყენებლად, ცესკომ საკუთარი დადგენილებით შეცვალა „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ხმის მიცემის პროცედურები. კერძოდ, გააუქმა საკონტროლო ფურცელი და ბიულეტენზე რეგისტრატორის ხელმოწერა, შეცვალა ბიულეტენზე ბეჭდის ადგილმდებარეობა, და, ნაცვლად გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებისა, დაადგინა სატესტო ხმის დამთვლელი მანქანის შემადგენელი გაუმჭვირვალე ყუთით ხმის მიცემა.  

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა საარჩევნო პროცედურების მსგავსი ცვლილების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ცესკოს დადგენილებით და საარჩევნო კოდექსის გვერდის ავლით კენჭისყრის პროცედურების შეცვლის კანონიერებას. ცესკოს დადგენილებით საარჩევნო კოდექსით გაწერილი პროცედურების ცვლილება ნეგატიური პრეცედენტია, რამაც მომავალში შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის უგულვებელყოფის საფრთხე შექმნას.  

არჩევნების დღეს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნის გახსნის, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ახალი ტექნოლოგიების კუთხით შესაბამისად იყვნენ მომზადებულები. მიუხედავად ამისა, ამომრჩეველთა ნაწილს უჭირდა ახალი ტექნოლოგიის პროცედურებთან შეგუება და ადგილი ჰქონდა ცალკეულ ხარვეზებს. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ერთი საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში ცაიშის #74 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მიერ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების დამუშავების ფაქტზე და ერთი შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში ამავე რეგისტრატორის მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით. 

ელექტრონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობა და შეფასება

„სამართლიანი არჩევნები“ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ცესკოს მიერ დადგენილი პროცედურების მეშვეობით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესს. ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრები, ამომრჩევლები და უბანზე მყოფი დამკვირვებლები, ზოგადად, გამოხატავდნენ ინტერესს ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები და საფუძვლიანად და ერთგვაროვნად უხსნიდნენ ამომრჩევლებს ხმის მიცემის ახალ პროცედურებს. თუმცა, არჩევნების დღეს ახალი ტექნოლოგიების და პროცედურების გამოყენებისას გამოვლინდა რიგი პრობლემები და ხარვეზები: 

1) ასაკოვანი და მხედველობის პრობლემის მქონე ამომრჩევლები ხშირ შემთხვევაში კარგად ვერ ხედავდნენ კანდიდატის გასწვრივ მდებარე ოვალს, რომელიც უნდა გაეფერადებინათ სპეციალური მარკერით. ისინი ბიულეტენში ხელით უთითებდნენ სასურველ კანდიდატს და ეკითხებოდნენ რეგისტრატორებს, როგორ უნდა გაეკეთებინათ სწორი არჩევანი, რაც არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას. საკმაოდ ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კაბინაში მყოფი ამომრჩევლები ბიულეტენის შევსებისას ითხოვდნენ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევებში, კომისიის წევრები, კანონის დაცვით, ამომრჩევლის დასახმარებლად კაბინაში მხოლოდ შემდგომ ამომრჩეველს უშვებდნენ. 

2) ამომრჩევლები ხშირ შემთხვევაში არასწორად ათავსებდნენ ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, კეცავდნენ ან ბოლომდე ათავსებდნენ ბიულეტენს მასში. რამდენიმე ამომრჩეველმა იმგვარად მოათავსა ბიულეტენი ჩარჩო-კონვერტში, რომ შესაძლებელი იყო ბიულეტენში გაკეთებული არჩევანის დანახვა, რაც გარკვეულწილად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები აბრუნებდნენ ამომრჩეველს კაბინაში და თავიდან ავსებინებდნენ ბიულეტენს. 

3) ამომრჩევლებს უჭირდათ ჩარჩო-კონვერტის ხმის დამთვლელ აპარატში სწორად მოთავსება. იყო შემთხვევები როდესაც აპარატმა რამდენიმე ბიულეტენი არ მიიღო და საჭირო გახდა გაფუჭებული ბიულეტენის ახალი ბიულეტენით შეცვლა. 

4) რიგ შემთხვევებში, ამომრჩევლები არ აფერადებდნენ მარკერით კანდიდატის გასწვრივ მოცემულ რგოლს და აღნიშავდნენ არჩევანს სხვა მეთოდებით. შემდგომში, ხმის დათვლის პროცესში გამოვლინდა, რომ აპარატმა ვერ შეძლო ასეთი ბიულეტენების წაკითხვა და აპარატის მიერ ამობეჭდილი შედეგები არ დაემთხვა ყუთში არსებულ ბიულეტენების რაოდენობას. 

5) #103-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისა და დათვლის აპარატი რამდენიმე წუთით გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც დროებით შეჩერდა ხმის მიცემის პროცესი. 

6) #73-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა ვერ გაიგო ინსტრუქცია, გამოხატა უკმაყოფილება და ხმის მიცემის გარეშე დატოვა უბანი, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა სიაში ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა. 

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საპილოტე წესით არჩევნები მხოლოდ სამ უბანზე ჩატარდა და პროცესს ესწრებოდნენ ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ უფრო ფართო მასშტაბით ელექტრონული ხმის დათვლის აპარატების გამოყენებისას, როდესაც შეუძლებელი იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის ასეთი მობილიზება ყველა საარჩევნო უბანზე, ზემოთ-ჩამოთვლილი პრობლემური შემთხვევების და ხარვეზების რაოდენობა გაიზარდოს.  

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ელექტრონული ტექნოლოგიების სამომავლო გამოყენების ნებისმიერი მცდელობა კარგად უნდა იქნას გააზრებული, რათა საფრთხე არ შეექმნას ამომრჩევლების, საარჩევნო სუბიექტებისა თუ დამკვირვებლების თვალში საარჩევნო პროცესისა და შედეგების სანდოობასა და სამართლიანობას. ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცედურები უნდა იყოს საარჩევნო კოდექსთან თანხვედრაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანონმდებლობის შესაბამისი ცვლილების საჭიროება. შესაბამისად, საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ნებისმიერი მცდელობისას, აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო დიალოგის გზით მიუდგეს ტექნოლოგიების შესაძლო სარგებლისა თუ რისკების გაანალიზების და შესაბამისი რეგულაციების დახვეწის პროცესს.