რეკომენდაციები

რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას შეეხება. ევროკომისია საქართველოსგან მოელის საარჩევნო კანონმდებლობაში ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების ასახვას, რომლებიც, თავის მხრივ, გამომდინარეობს არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკისგან. 

 

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის შინაარსი და მიმდინარეობა განაპირობებს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობას და ნდობას საარჩევნო პროცესების მიმართ. შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, სანდო და ინკლუზიური, რაც გულისხმობს საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარის ფართო წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. 

 

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო რეფორმის პროცესი, ეუთო/ოდირისა და ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ფორმატის ნაცვლად, გაუმჭვირვალედ, საარჩევნო პროცესში ჩართული სანდო და პროფესიული სადამკვირვებლო ორგანიზაციების გარეშე მიმდინარეობს, რადგან მმართველმა პარტიამ „სამართლიან არჩევნებს“ დისკრიმინაციულად შეუზღუდა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, რასაც სხვა პროფესიული და მიუკერძოებელი ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. პროცესში არ მონაწილეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილიც. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მიზნითაა შექმნილი, არ არის თავსებადი საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიისთვის არსებულ საერთაშორისო სტანდარტთან. 

 

„სამართლიანი არჩევნები“, საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, ხაზს უსვამს რეფორმის იმპლემენტაციის მნიშვნელობას. კერძოდ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პრაქტიკაში რეალიზებისას ისინი სრულ თანხვედრაში იქნებიან საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სულისკვეთებასთან. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ „სამართლიან არჩევნებს“ საარჩევნო რეფორმის პროცესში მონაწილეობა ეზღუდება, ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებას წარუდგინოს ხედვა იმ საარჩევნო საკითხებზე, რომელთა რეფორმირება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციას და უზრუნველყოფს მეტად თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო გარემოს. 

 

წინამდებარე დანართში წარმოდგენილია “სამართლიანი არჩევნების” რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის, წინასაარჩევნო კამპანიის, ამომრჩევლის მოსყიდვის, კენჭისყრის დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის რეგულაციების გაუმჯობესების მიზნით. 

 

წინამდებარე რეკომენდაციები, უმეტესად, უკავშირდება 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვებისას გამოვლენილ ხარვეზებს, ასევე ორგანიზაციის მრავალწლიან გამოცდილებასა და საარჩევნო საკითხების პროფესიულ ცოდნას, რაც გამომდინარეობს და თანხვედრაშია საერთაშორისო კარგი პრაქტიკის პრინციპებთან და ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ 2021 წლის არჩევნებზე გაცემულ რეკომენდაციებთან, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით.

 

„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას, რომელსაც საზოგადოებას დამატებით წარუდგენს. 

 

დანართი 1

 

 

“სამართლიანი არჩევნები” მნიშვნელოვნად მიიჩნევს საარჩევნო პროცესში სხვადასხვა პასუხისმგებელი ინსტიტუტებისა და ჩართული მხარეების მიერ არსებული ხარვეზიანი პრაქტიკის შეცვლას კანონმდებლობის სულისკვეთების შესაბამისად და საარჩევნო რეფორმის კვალდაკვალ, გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

 

დანართი 2

 

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ.