რეკომენდაციები

მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილია ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც ცვლილებები შედის საქართველოს ორგანულ კანონებში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.“ ცვლილებათა პროექტის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება, უზრუნველყოფს საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწას, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გამარტივებას. 

მიგვაჩნია, რომ პროექტით გათვალისწინებული გარკვეული ცვლილებები გააუმჯობესებს საარჩევნო ნორმებს. ასეთ ცვლილებებს განეკუთვნება, მაგალითად: არჩევნებში მონაწილეთა ხმების ცნების დაკონკრეტება, საარჩევნო პროცედურების საწყისი ვადის განსაზღვრა, საარჩევნო სიებისა და ოლქების შექმნის გამო არასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გასაჩივრების უფლების დაზუსტება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურის გამარტივება, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად პირის დანიშვნის წრის დაზუსტება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრობის შესახებ დამაზუსტებელი რეგულაციები და სხვ.  

თუმცა, ამასთან პროექტში წარმოდგენილი რიგი ცვლილებებისა არ შეესაბამება პროექტის განმარტებით ბარათში გაცხადებულ მიზანს და შესაძლოა უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. მაგალითად ცვლილებები, რომლის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა წინასაარჩევნო აგიტაციად აღარ მიიჩნევა; ცვლილებები, რომლის მიღების შემთხვევაში იზრდება კანონდამრღვევ კომისიის წევრთა საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში დასაქმების პერსპექტივა და სხვ. 

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ერთობლივ მოსაზრებებს.

მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე