საარჩევნო ანგარიშები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდეგში - „სამართლიანი არჩევნები“) საპარლამენტო არჩევნების სრულმასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 2024 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს ორგანიზაციის ცენტრალური და რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან. წინამდებარე ანგარიშში მიმოხილული და შეფასებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო, საკანონმდებლო ჩარჩო - საარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ახლად დანერგილი ელექტრონული ტექნოლოგიები, მედიაგარემო, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შექმნილი გარემო.  

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც: 

  • ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება. ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაცემულ 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა; 
  • სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ნების უფრო პროპორციულად წარმოდგენას და პოლიტიკურ პლურალიზმს; 
  • ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ხმის მიცემის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს კენჭისყრის პროცესზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს ამ მასშტაბის სიახლეს.

წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებას და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების არსებობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საარჩევნო პერიოდი განსაკუთრებული გამოწვევებით არის გამორჩეული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობისთვისაც. ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას.  

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო პროცესის სრულ მონიტორინგს 5 თვის განმავლობაში განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას წინასაარჩევნო მიგნებების თაობაზე. ამასთანავე, საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების მიზნით, წარადგენს საარჩევნო დავებს შესაბამის უწყებებში. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია შეიმუშავებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს. გარდა ხუთთვიანი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისა, ორგანიზაცია  არჩევნების დღის დაკვირვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1400-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გეგმავს.  „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის მეთოდოლოგია ეფუძნება „სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე მიუკერძოებელი დაკვირვებისა და მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაციასა“[1] და ქცევის კოდექსს, როგორც ხელმომწერი ორგანიზაცია.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

 

 

[1] Global Network of Domestic Election Monitors. Declaration of Global Principles for Nonpartisan Election Observation and Monitoring by Citizen Organizations. Accessed June 23, 2024. https://gndem.org/declaration-of-global-principles#code-of-conduct-for-non-partisan-citizen-election-observers-and-monitors