გენდერული ნიშნით დისკრედიტაცია სოციალურ მედიაში: 2024 წლის საარჩევნო პერიოდში ფეისბუქსა და ტიკტოკზე გავრცელებული სექსისტური გზავნილები
სოციალური მედიის პლატფორმებზე საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით მოქმედი მავნე აქტორები დისკრედიტაციის კამპანიებში სხვადასხვა მეთოდებს, ტაქტიკებსა და ნარატივებს იყენებენ. ონლაინ წარმოებული კამპანიების ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები სიძულვილის ენის, გენდერული ნიშნით დისკრედიტაციის კამპანიების სამიზნე ხდებიან. დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ კამპანიებში გავრცელებული სექსისტური შინაარსის გზავნილები, მიზოგინიური მიმები და დამონტაჟებული ვიდეოები, სამიზნე ქალების გარეგნობას და გონებრივ შესაძლებლობებს ამცირებს, პირად ურთიერთობებს კი მათ ამორალურად წარმოსაჩენად იყენებს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (შემდგომში - „სამართლიანი არჩევნები“) სოციალური მედიის პლატფორმებზე გავრცელებული სექსისტური გზავნილების შესახებ ანგარიში პირველად 2024 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა.1 საარჩევნო წლის დასაწყისში, 1 იანვრიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ფეისბუქისა და ტიკტოკის მონიტორინგმა აჩვენა, რომ პლატფორმებზე იდენტური კონტენტი ერთმანეთის პარალელურად ვრცელდებოდა, რისთვისაც, ძირითადად, ანონიმური გვერდები და ანგარიშები გამოიყენებოდა. პოლიტიკურად აქტიური ქალების წინააღმდეგ გავრცელებული გზავნილები საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და ნორმებს ირეკლავდა.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს ონლაინ, ძირითადად, ანონიმური აქტორების მხრიდან ქალი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული სექსისტური თავდასხმების მონიტორინგს. დაკვირვებისთვის შეირჩა საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიერ ყველაზე ხშირად მოხმარებადი სოციალური მედიის პლატფორმები - ფეისბუქი და ტიკტოკი.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ
1 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2024. „სექსისტური გზავნილები სოციალური მედიის პლატფორმებზე“. https://drive.google.com/file/d/1sSMRE4Tf0D9l_8WKpwHXAsPXFVfbom4T/view