სახელმძღვანელო

ფეისბუქზე პერსონალური მონაცემების მართვა

ფეისბუქის Privacy Shortcuts: საკუთარი ალგორითმის კონტროლის შესაძლებლობა?

ფეისბუქის პერსონალური ინფორმაციის კონტროლის პარამეტრები (Privacy Shortcuts) 2021 წელს კიდევ ერთხელ განახლდა - დაიხვეწა ინტერფეისი და გამარტივდა ნავიგაცია. პლატფორმა მომხმარებლებს 2012 წლიდან აცნობდა მათზე შეგროვებული მონაცემების შესახებ ინფორმაციას, თუმცა არ აძლევდა მონაცემთა გაზიარების კონტროლის შესაძლებლობას.

ვითარება 2018 წლის კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდგომ შეიცვალა. ღია და ანონიმურ პოლიტიკურ კამპანიებში პერსონალური მონაცემების გამოყენების ახალ მეთოდებზე ცნობიერების გაზრდასთან ერთად, გაიზარდა მღელვარება და დღის წესრიგში დადგა პლატფორმის რეგულაციების გადახედვის საჭიროება. შედეგად, ფეისბუქ მომხმარებლებს უკვე მიეცათ შესაძლებლობა, ნაწილობრივ აკონტროლონ პერსონალური მონაცემების გაზიარება ფეისბუქისთვის და პლატფორმის პარტიორებისთვის. 

დღესდღეობით, პერსონალური მონაცემების პარამეტრების გამოყენებით, მომხმარებლებს ნიუს-ფიდის გამოცდილების მოდიფიკაცია შეუძლიათ, რამაც, გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს არასასურველი ან/და მანიპულირებადი პოლიტიკური კონტენტის ხილვა. 

• რა მიზნით იყენებენ ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას პოლიტიკურ კამპანიებში?

ფეისბუქზე, საარჩევნო პერიოდში, თითქმის ისევე შეუძლებელი ხდება ნიუს-ფიდში პოლიტიკური რეკლამებისგან თავის არიდება, როგორც, მაგალითად, ქუჩაში ბანერებისგან.  თუმცა, ქუჩაში განთავსებული ბანერებისგან განსხვავებით, ფეისბუქ პოლიტიკური რეკლამები თითოეული ამომრჩევლისთვის პერსონიფიცირებული და განკუთვნილია ინდივიდუალური მომხმარებლისთვის მისი ქცევის მოდელის შესაბამისად. 

ფეისბუქის ხელოვნურმა ინტელექტმა თითოეული მომხმარებლის ქცევა, განწყობები, ინტერესები და გემოვნება ზედმიწევნით იცის, რეკლამის განმთავსებლებს კი ფეისბუქისგან ამ ინფორმაციის „ქირაობა“ შეუძლიათ, რათა თითოეულ ამომრჩეველს ზუსტად ის მოასმენინონ, რის მოსმენაც ამომრჩეველი ისურვებდა. მომხმარებელთა ასეთი დეტალური მონაცემების მიხედვით რეკლამირებას მიკრო-თარგეთინგი ეწოდება.

 ამ მხრივ, განსაკუთრებულ გამოწვევას არაოფიციალური, ხშირად ანონიმურად განთავსებული რეკლამები წარმოადგენენ. კერძოდ, ოფიციალური გვერდების გარდა, ხშირად, მანიპულირებადი რეკლამების განმთავსებლები ანონიმური გვერდები არიან - ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ანონიმური გვერდებისგან დასპონსორებული 231 რეკლამა აღმოაჩინა, ხოლო ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას - 479. ანონიმური რეკლამების გამოწვევა ის არის, რომ უცნობია ვინ ქმნის რეკლამას, ვინ ხარჯავს სახსრებს და საბოლოოდ, ვინ ცდილობს ამომრჩეველთა განწყობებით მანიპულირებას. სწორედ ამიტომ არჩევნებზე ფულადი სახსრების ანონიმურად ხარჯვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. 

• როგორ სწავლობს ფეისბუქი მომხმარებელთა ქცევას?

წლების მანძილზე, მილიარდობით მომხმარებელი საკუთარ გამოცდილებებს, მოგონებებსა და ინტერესებს ფეისბუქს უფასო პლატფორმით სარგებლობაში უცვლის. შედეგად, ფეისბუქი გამოყენებისთვის უფასოა. სხვა უფასო სოციალური მედიის პლატფორმების მსგავსად, კომპანიის ბიზნეს მოდელი მომხმარებლებისთვის რეკლამების ჩვენებაზეა დაფუძნებული. რეკლამა მაქსიმალურად წარმატებული უნდა იყოს, ამიტომ ის პერსონიფიცირებულია - დამიზნებულია რეკლამის დამკვეთისთვის მომგებიან აუდიტორიაზე. კომპანია რეკლამას ვერ დაუმიზნებს მომხმარებელს, თუ მას ზედმიწევნით არ იცნობს. ამიტომ, ყველაფერი, რასაც ფეისბუქზე ან მის მიღმა მომხმარებელი აკეთებს, მონაცემებს გამოიმუშავებს, ანუ ფეისბუქი მომხმარებლების ქცევას სწავლობს, რათა მათზე მორგებული, მომგებიანი რეკლამები აჩვენოს. 

I - ფეისბუქი მომხმარებელს, პირველ რიგში, პლატფორმაზე განხორციელებული მოქმედებებით სწავლობს. თითოეული ლაიქი, კომენტარი, რეკლამაზე დაკლიკება, ფოტოს გახსნა, ვიდეოს ყურებაზე დახარჯული დრო, გვერდებსა და პროფილებზე ვიზიტები ფეისბუქის ხელოვნურ ინტელექტს ეხმარება შეიცნოს მომხმარებლის ქცევა - ინტერესები, გემოვნება, მოთხოვნები, რათა ალგორითმმა შემდგომში შესაბამისი კონტენტი შესთავაზოს. ამასთან, პლატფორმა იცნობს მომხმარებლის მდებარეობას, ასაკს, სახეს. მონაცემთა შეგროვებაში კონტრიბუცია შეაქვს ინსტაგრამს, მესენჯერს და ვოთსაფსაც, რომლებიც ფეისბუქის მფლობელობაში არიან.

II - რეკლამირებისას ფეისბუქი იმ მონაცემებსაც იყენებს, რომლებიც მესამე პირმა ინდივიდუალურად, ფეისბუქის მიღმა შეაგროვა. მაგალითად, თუ პროდუქტის შეძენისას მაღაზიამ საკუთარი სახელის, გვარის, ელ-ფოსტის ან ტელეფონის გადაცემა გთხოვათ, კომპანიას შეუძლია ეს მონაცემები ფეისბუქზე რეკლამის განთავსებისას ატვირთოს. შედეგად, პლატფორმა რეკლამას იმ მომხმარებლებს უჩვენებს, რომლებიც ამ ელ-ფოსტით, მობილური ნომრით ან სახელით არიან რეგისტრირებულნი. სამწუხაროდ, ინტერნეტში დიდი რაოდენობით ამგვარი მონაცემი  შავ ბაზარზე ხელმისაწვდომია - ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებული მონაცემი, შესაძლოა, მონაცემთა ბროკერის ხელში აღმოჩნდეს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიჰყიდოს.

III - მომხმარებელთა მონაცემების შეგროვების კიდევ ერთი გზა მომხმარებლის მიერ ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული ქმედებების შესწავლაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფეისბუქი მაშინაც აგროვებს ჩვენზე მონაცემებს, როცა ფეისბუქს არ ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები არ მოიცავს მხოლოდ საიტებზე და აპლიკაციებში ვიზიტს. ვებ-გვერდებზე ფეისბუქ „პიქსელია“ ჩაშენებული, რომელიც საიტზე განხორციელებულ მოქმედებებს აკონტროლებს, მათ შორის გვერდებზე დაკლიკებას, საიტზე გატარებულ დროს და იმასაც კი, პროდუქტის შეძენის რა ეტაპზე გამოხვედით საიტიდან - კალათაში დამატებისას, თუ გადახდისას.

აღნიშნული მონაცემები ფეისბუქის რეკლამების დამკვეთს აძლევს შესაძლებლობას, მაგალითად, კარტოგრაფების მადისკრედიტირებელი რეკლამები აჩვენოს ნაციონალისტ აუდიტორიას, ლგბტ თემის უფლებების დაცვაზე ხელმომწერი პარტიების მადისკრედიტირებელი რეკლამა პოტენციურად კრიტიკულ აუდიტორიას, სარწმუნოების დაცვით მოტივირებული პოლიტიკური დისკრედიტაცია მორწმუნე აუდიტორიას და ასე შემდეგ. შესაბამისად, მიკრო-თარგეთინგით წარმოებული მადისკრედიტირებელი და დეზინფორმაციული კამპანიები პოლიტიკურ დისკურსში საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, აზიანებს მოქალაქეთა ინფორმირებულობას წინასაარჩევნოდ და მანიპულირებს მათ გადაწყვეტილებაზე.

რეკლამების ბიბლიოთეკაზე დაკვირვებით თვალსაჩინო ხდება, რომ პოლიტიკური რეკლამების დამკვეთები აქტიურად ცდილობენ აუდიტორიის შერჩევის გაუმჯობესებას. ამის ერთ-ერთი მაგალითი ე.წ. A/B ტესტია, რა დროსაც დამკვეთი ერთ რეკლამას რამდენიმე სხვადასხვა აუდიტორიას უმიზნებს, შემდეგ შედეგებს ადარებს და ყველაზე მომგებიან აუდიტორიას ირჩევს. ფოტოზე ნაჩვენებ მაგალითში, პარტია „მესამე ძალამ“ ერთი სარეკლამო კლიპი 15 სხვადასხვა აუდიტორიას დაუმიზნა, რაც ავტორს, სამომავლოდ, ყველაზე ოპტიმალური აუდიტორიის შერჩევაში დაეხმარება. შემდგომ მაგალითში კი ანონიმურმა გვერდმა ‘Politics’ ხუთ სხვადასხვა აუდიტორიაზე გამოსცადა გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელი მასალის ეფექტიანობა.

• როგორ გამოვიყენოთ ფეისბუქის Privacy Shortcuts?

მართალია მონაცემთა გაზიარების შეზღუდვით ფეისბუქი ჩვენთვის რეკლამების ჩვენებას არ შეწყვეტს, თუმცა მონაცემებზე ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება შესაძლებლობა გვაძლევს, შევცვალოთ და უფრო მისაღები გავხადოთ საკუთარი ნიუს-ფიდის გამოცდილება.

 

  • სენსიტიურ საკითხებზე რეკლამების ჩვენების შეწყვეტა

 

მომხმარებლებს შეუძლიათ პლატფორმას უბრძანონ, რომ შეამციროს რეკლამების ჩვენება ისეთ თემებზე, როგორებიცაა პოლიტიკა, არჩევნები, სოციალური საკითხები, ალკოჰოლი, ცხოველები.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა პოლიტიკურად/არჩევნებთან დაკავშირებულად მხოლოდ იმ რეკლამებს გაფილტრავს, რომლებიც დეკლარირებულია დამკვეთის მიერ. ანონიმური აქტორები და ზოგჯერ პოლიტიკოსებიც, ხშირად, დეკლარირების გარეშე ასპონსორებენ პოსტებს. ამგვარად, სენსიტიურ საკითხებზე რეკლამის გათიშვა არადეკლრირებული დასპონსორებულ პოლიტიკურ პოსტების ნახვას ვერ აგვარიდებს. 

ინსტრუქცია: Settings > Ad Preferences > Review your ad preferences > Ad Topics > See Fewer

 

 

 

 

  • თარგეტირებულ რეკლამებზე კონტროლის მოპოვება

ფეისბუქი მესამე, დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს მომხმარებელთა საჯარო ინფორმაცია და ინტერესები მათზე მორგებული რეკლამების ჩვენებისთვის. რეკლამების პარამეტრებიდან შესაძლებელია ამ ინტერესთა კატეგორიების ამოშლა. დასპონსორებული პოსტების რაოდენობა არც ამით შემცირდება, მაგრამ რეკლამის დამკვეთები ვეღარ გამოიყენებენ მომხმარებლის პირად ინტერესებს საკუთარი კომერციული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის.

ინტერესების წაშლამდე, საინტერესო პროცესია ინტერესთა სიის გადახედვა და აღმოჩენა რა ინფორმაციას ფლობს ფეისბუქი თქვენს ხედვებსა და გემოვნებაზე. სავარაუდოდ, ამ სიაში აღმოაჩენთ თქვენს პოლიტიკურ იდეოლოგიასთან დაკავშირებულ ინტერესებს, რელიგიურ ხედვებსა და ეთნიკურ წარმომავლობას. აქვე შესაძლოა გაეცნოთ პლატფორმის დასკვნას, რომ მაგალითად, ხშირად ერთვებით პოლიტიკური მასალების განხილვაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენს ინტერესებს ფეისბუქი სწავლობს პლატფორმაზე მომხმარებელთა ქცევის შესწავლით, ფეისბუქის მიღმა განხორციელებული მოქმედებებით და პარტნიორებისგან გაზიარებული ინფორმაციით. 

ინტერესთა ამოსაშლელი ინსტრუქცია: Settings > Privacy Shortcuts >  Ad Preferences > Ad Settings > Add Settings > Categories used to reach you > Remove

 

  • პარტნიორებისგან მონაცემთა გაზიარების კონტროლი

 პარტნიორების საიტებზე ჩაშენებული ფეისბუქ პიქსელის დამსახურებით, პლატფორმა ამ საიტებზე განხორციელებულ თქვენს მოქმედებებსაც აკვირდება, აგროვებს მონაცემებს და ადგენს ინტერესებს. 

Off-Facebook Activity ხელსაწყო შემოგთავაზებთ იმ აპლიკაციების და საიტების სრულ მიმოხილვას, რომლებმაც თქვენზე მონაცემები შეაგროვეს, რა ფორმით მიიღო ფეისბუქმა მონაცემები, რამდენი ინტერაქცია (აპლიკაციაში შესვლა, რაიმეს მოძებნა, შესყიდვა) დაითვალა კომპანიამ და ა.შ.

თუ გსურთ, რომ ფეისბუქმა ვეღარ შეიმუშავოს თქვენი ინტერესები და აღნიშნულის წაშლა სისტემატიურად არ მოგიწიოთ, მაშინ უმჯობესია კომპანიას შეუწყვიტოთ წყაროები, საიდანაც ამ ინტერესების დასადგენად თქვენს მონაცემებს იღებს. ამისათვის, ერთ-ერთი გზა, კომპანიის პარტნიორებისგან მონაცემთა გაზიარების შეზღუდვაა.

ინსტრუქცია: Settings > Privacy Shortcuts > Ad Preferences > Ad Settings > Data about your activity from partners

თუ გნებავთ, რომ შეზღუდვასთან ერთად, ფეისბუქს უბრძანოთ ათობითა თუ ასობით პარტნიორისგან უკვე შეგროვებული და გაზიარებული მონაცემების წაშლა, მაშინ მიჰყევით ინსტრუქციას:

ინსტრუქცია: Settings > Privacy Shortcuts > Your Facebook Information > View or clear your off-Facebook activity > Clear History ან Manage Your Off-Facebook Activity

 

  • პარტნიორებისგან მოპოვებული მონაცემების რეკლამისთვის გამოყენების შეწყვეტა 

ყოველთვის, როცა საიტზე რეგისტრაციის ფორმად ფეისბუქ ავტორიზაციას ირჩევთ, აღნიშნული საიტი ან აპლიკაცია (ე.ი. ფეისბუქ პარტნიორი) თქვენი საჯარო ინფორმაციის მფლობელი ხდება. მომავალში, ფეისბუქ პარტნიორებს შეეძლებათ თქვენ, როგორც მათი სერვისებისა თუ პროდუქტის მომხმარებელს, პერსონიფიცირებული რეკლამა გაჩვენოთ. ეს ყველაფერი სასიამოვნოდ ჟღერს მანამ, სანამ რეკლამების პარამეტრებიდან აღმოვაჩენთ, რომ ათობით ან ასობით ფეისბუქ პარტნიორს აქვს ინფორმაცია ჩვენს ელ-ფოსტაზე, მობილურის ნომერზე, ასაკზე, სამუშაო ადგილზე და ა.შ.

პარტნიორებისთვის მონაცემთა გაზიარების შეწყვეტამდე უნდა იცოდეთ, რომ პარამეტრებიდან მათი ამოშლის შემდეგ, თავიდან მოგიწევთ პარტნიორების საიტზე/აპლიკაციაში რეგისტრაცია.

ინსტრუქცია: Settings > Privacy Shortcuts > Ad Preferences > Ad Settings > Audience-based advertising

 

 

  • ფეისბუქის მიღმა, ფეისბუქის მონაცემებით ნაჩვენები რეკლამების კონტროლი

კომპანია ირწმუნება, რომ მომხმარებელთა მონაცემებს არ ჰყიდის, მაგრამ უზიარებს აპლიკაციებსა და ვებსაიტებს, რომლებიც ფეისბუქის სარეკლამო სერვისებს ყიდულობენ. ამგვარად, ფეისბუქზე განხორციელებული მოქმედებებით გამომუშავებული მონაცემები, შესაძლოა სხვა საიტზე თარგეთირებული რეკლამის ჩვენების მიზეზი გახდეს. პარამეტრებიდან ამ ინფორმაციის გადინების შეწყვეტაცაა შესაძლებელი.

ინსტრუქცია: Settings > Privacy Shortcuts > Ad Preferences > Ad Settings > Ads shown off of Facebook 

 

  • შერჩეული გვერდებისგან რეკლამის ჩვენების შეწყვეტა

უწყვეტი ინფორმაციით სავსე სოციალურ მედიაში, სააგენტოების მიზანია შეძლონ და მომხმარებლებს მაქსიმალურად დაამახსოვრონ ნაჩვენები რეკლამა. ამისათვის, სიახლეების ველზე ერთი და იგივე რეკლამა შესაძლოა ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე შეგხვდეთ. 

ნაჩვენები რეკლამის ოფციების გახსნით, გამოჩნდება ოფცია სახელწოდებით ‘Why am I seeing this ad?’. აღნიშნულის გახსნით, ფეისბუქი წარმოგიდგენთ მიზეზებს, რის გამოც კონკრეტული რეკლამა თქვენს სიახლეების მოხვდა. აქვე, ფეისბუქი განმარტავს, რომ კიდევ შეიძლება არსებობდეს ფაქტორები, რომლებსაც ამ გვერდზე ვერ გაჩვენებთ.

ამავე ფანჯრიდანაა შესაძლებელი გვერდის რეკლამების გამოწერის შეწყვეტა ‘Hide all ads from this advertiser’-ზე დაკლიკებით.

Ad Preferences პარამეტრების გვერდზე პლატფორმა გაჩვენებთ ბოლო დროს ნანახ 8 რეკლამას, რომელთა ავტორებს შეგიძლიათ შეუწყვიტოთ თქვენთვის რეკლამის გაზიარება. 

 

  • პრიორიტეტული პოსტების კონტროლი სიახლეების ველში 

მეგობრები, გამოწერილი გვერდები და ჯგუფები, ინტერაქციები და ციფრული ქცევა აძლევს სიახლეების ველს იმ ფორმას, რაც ამა თუ იმ მომხმარებელს ხვდება ფეისბუქის ყოველი გახსნისას. სიახლეების ველში პოსტების რიგითობის განსაზღვრისას, კომპანია პრიორიტეტს მაღალი ინტერაქციის (რეაქციები, კომენტარები, ნახვები) მქონე პოსტებს ანიჭებს. ასეთი პოსტები, ხშირად, ემოციურია, რადგან ადამიანები სწორედ ემოციურ კონტენტზე რეაგირებენ. მავნე აქტორები ამ მახასიათებელს ეფექტიანად იყენებენ და დეზინფორმაციული თუ დისკრედიტაციული კამპანიებისას, მომხმარებლებისთვის ემოციური პოსტების მიწოდებას ცდილობენ. ემოციური მასალის მაგალითებია სიძულვილის ენა, ნაციონალისტური, ანტილიბერალური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სხვა სახის მესიჯები.

იმისათვის, რომ სიახლეების ველში მოხვედრილი პოსტების რიგითობის პრიორიტეტიზაცია თავად შეძლოთ, ფეისბუქმა „ფავორიტების“ ოფცია წარმოადგინა. 30-მდე მეგობრისა და გვერდის „ფავორიტებში“ დამატებით, თქვენ დარწმუნდებით, რომ მათი გამოქვეყნებული პოსტები ყოველთვის სიახლეების ველის დასაწყისში შეგხვდებათ. 

ინსტრუქცია: Settings & Privacy > News Feed Preferences > Manage Favorites >

ფავორიტების სიის შედგენა საკმარისი არ არის, რომ ამ ფუნქციით ისარგებლოთ. ფეისბუქი ცდილობს საკუთარი ალგორითმით რანგირებული სიახლეების ველი თავად განსაზღვროს. ყოველ ჯერზე, როცა ფეისბუქს პერსონალური კომპიუტერით გახსნით, მარცხნივ მოთავსებულ მენიუში Favourites-ზე უნდა დააკლიკოთ შესაბამისი სიახლეების ველის გასახსნელად. მობილურით გამოყენებისას კი ზედა მარჯვენა ზოლში მოთავსებულ სამ ხაზზე უნდა დააკლიკოთ, შემდეგ კი Recent & Favorites აირჩიოთ.  

თუ სიახლეების ველში მოხვედრილი პროფილები და გვერდები თქვენთვის მიუღებელია, უმჯობესია ამ პროფილებთან მეგობრობის გაუქმებას ან გვერდების გამოწერის შეწყვეტას მიმართოთ.  თუ მეგობრის წაშლა მისი განაწყენების მიზნით არ გსურთ, მაშინ შეგიძლიათ პოსტის ოფციებიდან ‘Snooze’ ფუნქცია გამოიყენოთ, რომლის შედეგად მეგობრის წაშლის გარეშე შეწყვეტთ მისი გაზიარებული პოსტების ხილვას 30 დღის მანძილზე, Unfollow-ით კი მუდმივად შეზღუდავთ პოსტების გამოწერას გვერდისგან ან პროფილისგან.



 

  • DisinfoObserver-ის გამოყენება

Disinfoobserver „სამართლიანი არჩევნების“ შექმნილი ინტერაქციული პლატფორმაა, სადაც დეზინფორმაციისა და მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელებაში, ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზებაში, არაავთენტურ ქცევაში, ან სხვა დამაზიანებელ საინფორმაციო ოპერაციებში ჩართული გვერდების ბაზაა ასახული. 

ძიებისა და ფილტრაციის გამოყენებით, შეგიძლიათ გვერდი გადაამოწმოთ ან საეჭვო გვერდის ბმული გაუგზავნოთ „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგს გუნდს, რომელიც გვერდის ავთენტურობას გადაამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, ბაზას განაახლებს.

2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, DisinfoObserver-ის ბაზა ხუთასამდე გვერდს ითვლის.

• Privacy Shortcuts: ქმედითი ინსტრუმენტი თუ რეგულაციებისგან თავდაღწევის მცდელობა?

„ტვიტერმა პოლიტიკური რეკლამების დაბლოკვა, გუგლმა კი თარგეთირების შეზღუდვა არჩია. ჩვენ ვირჩევთ გამჭვირვალობის გაფართოებას და ადამიანებისთვის მეტი კონტროლის გადაცემას პოლიტიკურ რეკლამებზე. გუგლისგან განსხვავებით, გადავწყვიტეთ ამგვარ რეკლამებზე თარგეთირება არ შევზღუდოთ“ – 2020 წლის იანვრის ამ განცხადებით, ფეისბუქმა წერტილი დაუსვა მოლოდინს, რომ კომპანია პოლიტიკურ რეკლამებში მიკრო-თარგეთირებას შეზღუდავდა. გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ფეისბუქისკენ მიმართული რამდენიმე წლიანი მწვავე კრიტიკა, რომლის მიზეზი მიკრო-თარგეთინგის მეშვეობით არჩევნების შედეგებზე მანიპულირება იყო. კემბრიჯ-ანალიტიკას სკანდალის შემდეგ, მომხმარებელთა მონაცემების დაუცველობის გამო, კომპანიამ რეკორდული, 5 მილიარდიანი დოლარიანი ჯარიმაც მიიღო ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისიისგან. 

ფეისბუქი თვლის, რომ განახლებული პარამეტრებით მომხმარებლებს „უპრეცენდენტო გამჭვირვალობას“ სთავაზობს. თუმცა, საქართველოში ამოქმედებულ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში ჯერ კიდევ მიუწვდომელია ინფორმაცია ანონიმური დისკრედიტაციული რეკლამების ავტორების შესახებ, მათი ვინაობის გამჭვირვალობა კი ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ამას გარდა, რეგულაციების დაკმაყოფილება და მომხმარებლებისთვის მონაცემებზე კონტროლის გადაცემა არ ნიშნავს, რომ მონაცემების კონტროლი სრულად მომხმარებლების ხელთაა. კომპანიები არაერთ ხრიკს მიმართავენ, რომ ადამიანებმა ნებსით თუ უნებლიეთ თანხმობა განვაცხადოთ მონაცემების გაზიარებასა და გამოყენებაზე. 

GDPR-ით გარანტირებული უფლებები

ნორვეგიის მომხმარებელთა საბჭოს კვლევა ამტკიცებს, რომ ფეისბუქის Privacy Settings მონაცემებზე კონტროლის ილუზიაა და მომხმარებლები ისჯებიან, რადგან მონაცემთა გაზიარების ნაცვლად, დაცულობას ირჩევენ. მაგალითად, ფეისბუქის პროფილის საწყისი პარამეტრები ყოველთვის მონაცემთა გაზიარებაზეა დაყენებული, მომხმარებლებს კი ყოველთვის ამა თუ იმ სერვისის გამორთვა უწევთ და არა ჩართვა. ამასთან, სერვისის გამორთვას ჯამში, საშუალოდ 14 კლიკი სჭირდება, ჩართვას კი მხოლოდ 4. მონაცემთა გაზიარების შეწყვეტისას მომხმარებლებს ფეისბუქი აცნობს ამ მოქმედებით გამოწვეული დრამატული შედეგების ნუსხას, თუმცა არ აცნობებს ისეთ სასარგებლო შედეგებს, როგორებიცაა შემცირებული მიკრო-თარგეთინგი ან გაზრდილი მონაცემთა დაცულობა. 

მარკ ზაკერბერგი თვლის, რომ კომპანია ინფორმაციის ფაქტ-ჩექინგს ან პოლიტიკური რეკლამების შეზღუდვას არ უნდა წყვეტდეს, რადგან ეს პოლიტიკური აზრის ცენზურა იქნებოდა. ის მარეგულირებელ ორგანოებს პლატფორმებისთვის საერთო რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს, მანამდე კი აანონსებს მავნე კოორდინირებული ჯგუფების წინააღმდეგ გამკაცრებულ ბრძოლას და ექსპერიმენტს განხეთქილების გამომწვევი პოლიტიკური რეკლამების ხილვადობის შემცირებით.

Privacy Shortcuts მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მიკრო-თარგეთინგით გამოწველი მავნე შედეგების პრევენციისთვის, თუმცა არა საკმარისი. Privacy Settings-ის გამოყენებით, შეზღუდვადია პერსონიფიცირებული რეკლამები მომხმარებლების სიახლეების ველში, მაგრამ  კომპანია, ჯერ-ჯერობით, არ აპირებს მომხმარებლების მონაცემების შეგროვების შეწყვეტას და  პოლიტიკური რეკლამების დამკვეთებისთვის მათი გადაცემის შეზღუდვას. 

 

 

პუბლიკაციის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.