სოციალური მედიის მონიტორინგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და პროპაგანდისტული გზავნილები 26 იანვარი - 8 თებერვალი

მმართველი ძალის საწინააღმდეგო გზავნილები რუსეთის მოქალაქეების მიერ წამოწყებული საეჭვო ბიზნესსაქმიანობის შეუსწავლელობის გამო 

29 იანვარს პარტია „ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე მმართველი ძალის საწინააღმდეგო გზავნილებით გავრცელდა ,,ტელეკომპანია პირველის" ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში გახსნილ ოფისებსა და სავარაუდო საეჭვო ტრანზაქციებს შეეხებოდა. აღნიშნულ კონტექსტში ხელისუფლებას შესაბამისი ზომების/სამუშაოების ჩაუტარებლობის გამო აკრიტიკებდნენ. 

მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტები სასამართლო პროცესზე ჩართვის შემდეგ 

1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. ჩართვის შემდეგ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე სააკაშვილის მადისკრედიტირებელი პოსტები გავრცელდა. გვერდებზე მას ფიზიკური მდგომარეობის მანიპულაციურად წარმოჩენაში სდებდნენ ბრალს. გვერდებმა სააკაშვილის განცხადებაც გააშარჟეს, რომ თუ უკრაინის გამარჯვებამდე ვერ იცოცხლებს, მისი გული კიევში უნდა იყოს დამარხული. 

ლევან ხაბეიშვილის დისკრედიტაცია პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ელექტრონული არჩევნების შედეგები 30 იანვარს გამოცხადდა. თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ანონიმურად მოქმედ გვერდებზე გააქტიურდა ლევან ხაბეიშვილის საწინააღმდეგო პოსტები. პოსტებში მას არაკვალიფიციურ და არასერიოზულ კანდიდატად წარმოაჩენდნენ, აშარჟებდნენ და დისკრედიტაციის მიზნით ძველი კადრების ვიდეოკოლაჟებს აქვეყნებდნენ.  

გია ხარჩილავას გაშარჟება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ხიდის გახსნის  შემდეგ 

27 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ხარჩილავამ, ფეისბუქგვერდზე საფეხმავლო ხიდის გახსნის შესახებ მიმართვა გაავრცელა. ხარჩილავას განცხადებით, ხიდზე მოსახლეობისთვის მოძრაობა უსაფრთხოა, რადგან ზღუდეები და განათება დამონტაჟდა. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ანონიმურ გვერდებზე ხარჩილავას დამცინავი პოსტები გამოჩნდა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების საწინააღმდეგო პოსტები 

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გადავადებისა ან/და გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის წევრები შეიკრიბნენ. პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და სააკაშვილის გასათავისუფლებლად კონკრეტულ აქტივობებსა და პროტესტს იწყებს. ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე აშარჟებდნენ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის სტატუსს, რომელშიც მან მხარდამჭერებს ძალის გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მას ვერაფერი გატეხავს. გვერდები უპირისპირდებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებსა და მხარდამჭერებსაც, რომლებიც გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. ანონიმურ გვერდებზე ხდებოდა მთავრობის ადმინისტრაციასა და ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციებზე ხალხის სიმცირეზე აპელირება და მონაწილეების დამცინავი პოსტების გავრცელება. 

 

 

ნინო ნადირაძე-კუზანოვას ფოტომანიპულაციების საშუალებით დაცინვა  

მმართველი ძალის საწინააღმდეგოდ მოქმედ გვერდებზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდგომ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძე-კუზანოვას საწინააღმდეგო პოსტები გამოქვეყნდა. მისი გაშარჟება წარსულში გადაღებული ფოტოსურათის, დამცინავი აღწერილობებისა და ფოტომანიპულაციების საშუალებით ხდებოდა.  

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.