სოციალური მედიის მონიტორინგი

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნები გლობალური პანდემიის ფონზე ჩატარდა, რომელიც კვლავ გამოწვევას წარმოადგენდა როგორც არჩევნების ორგანიზების, ასევე, ამომრჩეველთა და საარჩევნო პროცესის მონაწილე სხვა აქტორთა უფლებების რეალიზებისთვის. არჩევნებს წინ უძღოდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი და უკიდურესი პოლარიზაცია. პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს შემდგარი შეთანხმების შესაბამისად, მმართველი პარტიის მიერ ეროვნულ დონეზე 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვის დათქმამ თვითმმართველობის არჩევნები საერთოეროვნულ გადამწყვეტ მოვლენად აქცია. წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალურ საკითხს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, ეროვნულ პოლიტიკურ ლიდერებს შორის პერსონალური დაპირისპირების განხილვა წარმოადგენდა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო მეტნაკლებად კონკურენტული, კენჭისყრის დღე ტექნიკურად, ძირითადად, კარგად ადმინისტრირებული. თუმცა, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას. საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ. ორივე ტურზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა აღრიცხვის, ორგანიზებულად მიყვანის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და კენჭისყრისას დაფიქსირებული სხვა დარღვევები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე. არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ